ახალი ამბები
თბილისიდან სოფლებში სამუშაოდ მიმოსვლისთვის ნებართვა იქნება საჭირო
29 აპრილიდან, ქალაქ თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას დილის 06:00-08:00 სთ-მდე, ხოლო ქალაქში დაბრუნებას საღამოს 18:00-19:00 სთ-მდე, შეძლებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს, სადაც სპეციალური საშვების გაცემას მოახდენენ.

ნებართვის მისაღები ფორმა განთავსდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე წწწ.მეპა.გოვ.გე. მოქალაქემ აღნიშნული ფორმა/განაცხადი უნდა შეავსოს ქალაქიდან გასვლამდე 12 საათით ადრე.

შემოსული განაცხადის საფუძველზე სამინისტრო გასცემს საშვს ელექტრონული და/ან მატერიალური ფორმით (საჭიროების მიხედვით, ერთჯერადს ან მრავლჯერადს).

უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, განმცხადებელი პასუხს მიიღებს ელექტრონულად.

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ბათუმიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან გასვლა-შესვლის საშვის მისაღებად, მოქალაქეებმა უნდა მიმართონ რეგიონულ შტაბებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით 144-ის ცხელ ხაზს (რეგიონის მიხედვით ცხელ ხაზთან დასაკავშირებლად აკრიფეთ 2).
Print

სტატიის გამოყენების პირობები