ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი მედდის შვილებსაც დაუდასტურდა - გუბერნატორი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში კორონავირუსით 3 ადამიანია დაინფიცირებული. მედდის გარდა, დაინფიცირებულია მისი ორი მცირეწლოვანი შვილი.

ამის შესახებ შიდა ქართლის მხარის რწმუნებლმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ანალიზის პასუხები ლუგარის ლაბორატორიიდან მიიღეს. ამავე დროს, გუბერნატორის განმარტებით, მედდას კონტაქტი ჰქონდა ძმის ოჯახთანაც, რომელიც კარალეთში ცხოვრობს. ოჯახები ამჟამად თვითიზოლაციაში არიან.

ეპიდემიოლოგები სოფელ თერგვისში მუშაობას აგრძელებენ და ნიმუშებს კიდევ ორი ოჯახიდან აიღებენ.

შეგახსენებთ, 29 აპრილს გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედდას კორონავირუსი დაუდგინდა. ,,ექთანს ჰოსპიტალის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. აქვე მოგახსენებთ, რომ ჰოსპიტალის გარეთ მოძიებულია ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა" - აცხადებენ გორის ჰოსპიტალში.

30 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 539- მდე გაიზრდა.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 178

გარდაცვლილი - 6; კარანტინის რეჟიმში - 5256; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548
Print

სტატიის გამოყენების პირობები