მცირემიწიანი ფერმერების დახმარების მიზნით იწყება ახალი სახელმწიფო
პროგრამა "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა
სტიმულირება". პროგრამა სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის
მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას ითვალისწინებს.
პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და
იურიდიული პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სუბსიდიის მოცულობა 1
ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა 200 ლარით (აგრობარათზე დარიცხული 200
ქულით).
0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შესაძლებლობა
ექნება ბარათზე დარიცხული ქულები გამოიყენოს შემდეგი
სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად: სასუქები და მცენარეთა დაცვის
ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური
საშუალებები; სათესლე და სარგავი მასალები.
1.25 ჰა-დან 10 ჰა-მდე და მეტი ფართობის სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს ბარათზე დარიცხული ქულების
გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ როგორც ზემოაღნიშნული
სასოფლო-სამეურნეო საქონლის, ასევე, სასოფლო-სამეურნეო მიწის
აგროტექნიკური (ხვნის) სამუშაოების მომსახურების შესაძენად.
პროექტის ფარგლებში, არაუმეტეს 10 ჰექტრისა ერთიანი მიწის
ნაკვეთებისთვის სუბსიდია შეადგენს მაქსიმუმ 2000 ლარს. პროგრამით
ისარგებლებს 200,000-მდე ფერმერი.
ეს გეგმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან
დავითაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინა და სოფლის
მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგიენს.
,,სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს
შესაძლებლობა ეძლევათ, სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი ფინანსური
მხარდაჭერა მიიღონ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უკავშირდება
ფერმერების დახმარებას, ეს არის პირდაპირი დახმარება - სუბსიდირება
იმისთვის, რომ ფერმერებს წარმოება გაუმარტივდეთ და გაუიაფდეთ; მათთვის
ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა მასალა, რომელიც სოფლის მეურნეობაში
გამოიყენება", - განაცხადა მინისტრმა.
პროგრამის ბიუჯეტი 37 000 000 ლარია და პროგრამის განხორციელება
დაიწყება 2020 წლის 20 მაისიდან.
სტატიის გამოყენების პირობები