ახალი ამბები
სამზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვა უქმდება, თუმცა ეს არ ეხება ავტომობილს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ორშაბათიდან, 18 მაისიდან, საქართველოში იხსნება შეზღუდვა სამზე მეტი ადამიანის შეკრებაზე, თუმცა ეს შეზღუდვა ძალაში რჩება ავტომობილებთან მიმართებაში.

„მოიხსნება შეზღუდვა სამ ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ სივრცეებში, ასევე ღია სივრცეებში. თუმცა ეს ან ნიშნავს, რომ მოიხსნება შეზღუდვა სამი ადამიანის გადაადგილებაზე ავტომობილით. ამ შეზღუდვას, მიუხედავად ყველაფრისა, აქვს ძალზედ დიდი ეპიდემიოლოგიური აზრი, რაშიც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა, პროფესიონალების რეკომენდაციები ჩვენთვის მნიშვნელოვანია“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე, გახარიას განცხადებით, 18 მაისიდან საქართველოში გაიხსნება სილამაზის სალონები.

საგანგებო მდგომარეობა და მის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 22 მაისამდე გასტანს. ჯერ კიდევ უცნობია, როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც საქართველოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 31 მარტს აიკრძალა.

ქვეყანაში გრძელდება კომენდანტის საათის მოქმედება – საღამოს 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე, როცა ქუჩაში გადაადგილება აკრძალულია, როგორც ქვეითად მოსიარულეთათვის, ასევე ტრანსპორტით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები