ახალი ამბები
გორის სოფელ ბეთლემში საგანგებო მდგომარეობის დროს წყლის გადასახადი გადაახდევინეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემის მოსახლეობას სასმელი წყლის გადასახადი ხელზე გადაახდევინეს. ამის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ.

"რამდენიმე დღის წინაც იყო მოსული ფულის ამკრეფი და თანხა შეაგროვა, მე რაც მქონდა დახარჯული გადავიხადე, არ ვიციდი თუ მთავრობას ამაზეც ჰქონდა დაწესებული შეღავათი", - უთხრა qartli.ge-ს გრუნია ტროტაძემ.

მათი თქმით, სოფელში წყლის გადასახადის ქვითრები რამდენიმე დღის წინაც დაარიგეს და ასევე მიიღეს სმს შეტყობინებები დასუფთავების თანხის გადახდის თაობაზე.

როგორც ბეთლემში ამბობენ, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ კორონა პანდემიის გამო, მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათები სასმელ წყალზე და დასუფთავებაზეც ვრცელდებოდა.

როგორც საკრებულოს წევრი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ბექა ქორჩილავა აცხადებს, ბეთლემის მსგავსად, წყლის და დასუფთავების გადასახადს გორის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში ისევ იხდიან და მთავრობის დადგენილება არ მოქმედებს.

,,იმის მიუხედავად, რომ პანდემიაა და ხალს უკიდურესად უჭირს, მერიამ არ მოახდინა წყლის და დასუფთავების გადასახადის სუბსიდირება. მე ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზეც დავაყენე და მითხრეს, რომ ბიუჯეტს არ აქვს ამისთვის სახსრები",-განაცხადა ქორჩილავამ.

რაც შეეხება მერიას, კონსტანტინე თავაზრაშვილის უწყებაში ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებებეს არ აკეთებენ.

მთავრობის 2020 წლის 3 აპრილით დათარიღებული დადგენილების თანახმად, 3 თვის განმავლობაში დენზე, გაზზე, წყალზე და დასუფთავებაზე შეღავათები დაწესდა.

გაგრძელება:


Print

სტატიის გამოყენების პირობები