ახალი ამბები
დაინფიცირებული მედდა კასპის სოფელ მირიანის მკვიდრია
61-წლის ქალი, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდგინდა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მირიანის მკვიდრია. კავთისხევის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის, მიხეილ კელაპტრიშვილის თქმით, სოფლის მოსახლეობა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია.

,,გავაფრთხილეთ მოსახლეობა, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავენ თავშეყრისგან და კონტაქტებისგან. აღნიშნული ქალბატონი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს. იქ მუშაობს, ასევე, მისი შვილი. დადასტურებული შემთხვევა, მხოლოდ, დედასთან დაკავშირებით გვაქვს." - აცხადებს მიხეილ კელაპტრიშვილი.

კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალის ინფიცირებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, ეკა ქორჩაშვილიც საუბრობს. მისი თქმით, 61-წლის ქალის ინფიცირების წყარო ცნობილია, რადგან მედდა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია. დაინფიცირების შესახებ სხვა მონაცემები კასპის მუნიციპალიტეტიდან ამ ეტაპზე არ არსებობს.

შიდა ქართლში დღეს სულ 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, 1 სოფელ მირიანში (მედდა); 1 სოფელ გორის სოფელ ხიდისთავში (მედდა) და 1 შემთხვევა გორში - ავეჯის მაღაზიის თანამშრომელი. რეგიონიდან დღეს 45 ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები