ახალი ამბები
გორში ინფიცირებული ექთნის რძალს კორონავირუსი დაუდგინდა
დღეს საღამოს გაიზარდა კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გორში. კიდევ ერთი მოქალაქის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.

დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის წარმომადგენელმა, ეკა ქორჩაშვილმა გვითხრა, რომ ახალი შემთხვევა ჰოსპიტლის ინფიცირებული ექთნის რძალია.

ამ ექთანს კორონავირუსი 11 აგვისტოს დაუდგინდა, დღეს, 18 აგვისტოს კი, - მის რძალს. ეკა ქორჩაშვილი ამბობს, რომ 11 აგვისტოს შემდეგ მოქალაქე თვითიზოლაციის პირობებში იმყოფებოდა.

ექთნისა და მისი რძლის კონტაქტი ცნობილია. ისინი 7 აგვისტოს დადასტურებული შემთხვევის კლასტერს წარმოადგენს. 7 აგვისტოს კორონავირუსი სამხედრო ჰოსპიტლის ექიმს დაუდასტურდა.

7 აგვსტოს დაინფიცირებული ექიმის კონტაქტია ასევე ,,გორმედის" ექთანი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ საღამოს დაუდგინეს.

გორში დაინფიცირებულთა სტატისტიკა აგვისტოში ასეთია:

7 აგვისტო - გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი (ის მუშაობდა ამავე დროს კიდევ 4 კლინიკაში)
11 აგვისტო - გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექთანი
17 აგვისტო - ,,გორმედის" ექთანი
18 აგვისტო - მოქალაქე (სამხედრო ჰოსპიტლის ინფიცირებული ექთნის რძალი.)

18 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ინფორმაციით, მთლიანობაში, საქართველოში კორონავირუსის 1351 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 1092 გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები