ახალი ამბები
კორონავირუსის ახალი 38 შემთხვევა გამოვლინდა - მთავრობა საგანგებო ზომების მიღებას არ აპირებს
საქართველოში კორონავირუსის ახალი 38 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1548 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 17-ით გაიზარდა და 1270-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5806 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230.

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ძირითადად დაინფიცირებულები არიან საკონდიტრო საწარმო "დონას" თანამშრომლები

"დღევანდელი 38 შემთხვევიდან 22 არის ე.წ "დონას კლასტერიდან", სადაც მოხდა მიკრო ეპიდაფეთქება, დაინფიცირებული არიან ძირითადად თანამშრომლები. ჯერჯერობით, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენად გავიდა ინფექცია "დონას" გარეთ. გუშინ საღამოს გამოცხადდა, რომ ვინც ბოლო დღეებში იყო ამ კაფეში, მისულიყვნენ კარვებში და ჩაეტარებინათ ტესტირება, 600-მდე ტესტია აღებული და მათი პასუხები გვექნება დღეს", - განაცხადა გამყრელიძემ.

საკონდიტრო საწარმო ,,დონა" ბათუმში მდებარეობს.

უფრო კონკრეტულად, კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო "დონას" კლასტერიდანაა, 7 - დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, 4 - შემოტანილი შემთხვევა, საიდანაც 2 პაციენტი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხოლო 5 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თავდაცვის საუკეთესო საშუალება დისტანცია და პირბადეების ტარებაა.

"16 აპრილის შემდეგ, დღეს კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მონაცემი გვაქვს. მართალია, ამ მატების ძირითადი წყარო არის საკონდიტრო მაღაზია "დონა", მაგარმ ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. ახალი წყარო მეტყველებს, რომ თავი უნდა დავიცვათ, რეგულაციები უნდა შევასრულოთ. ამის საუკეთესო საშუალებაა დისტანცირებაა და პირბადე. მოვუწოდებ ყველას, დავიცვათ საკუთარი თავი პირბადეების და დისტანციის საშუალებით. რა თქმა უნდა, კონტროლის მექანიზმები უნდა გამკაცრდეს შესაბამის სამსახურების მიერ. კონტროლის გამკაცრებაზე ძირითადად საუბრია იქ, სადაც თავშეყრის ადგილებია. ეს არის სავაჭრო ობიექტი, ტრანსპორტი და ყველა ის ადგილი, სადაც 10 კაცზე მეტი შეიძლება შეიკრიბოს",-განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, შესაბამის სამსახურებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

"ქალაქის მერიას მინდა მოვუწოდო, ნორმები, რომელიც დაწესებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, აქაც უნდა გავამკაცროთ მიდგომები, იმიტომ, რომ სექტემბერია, ქალაქში ბრუნდებიან დამსვენებლები, იწყებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომას და აქ ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებით და დისკომფორტით ცხოვრება მოგვიწევს", - განაცხადა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე.

ამასთან, მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს 38 ინფიცირებულია, არანაირი საუბარი სასკოლო პროცესის გადადებაზე არ არის.

მთავრობის მეთაურის თქმით, საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს და ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები