COVID-19
23 სექტემბერი: კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 69 პაციენტი
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 4140 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 69-ით გაიზარდა და 1643-ს შეადგენს.​

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში დღეს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა.

70 წლის მამაკაცი მკურნალობას 18 აგვისტოს შემდეგ, ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა.

მარინა ენდელაძის თქმით, პაციენტს კორონავირუსზე ჩატარებულმა რამდენიმე ტესტმა აჩვენა, რომ მამაკაცს ვირუსი აღარ ჰქონდა.

"დღეს გარდაიცვალა დილის 8 საათზე ჩვენთან ერთი პაციენტი, რომელიც იყო ჩვენს კლინიკაში შემოსული 18 აგვისტოს. ჰქონდა ძალიან მძიმე ფონური დაავადებები, კერძოდ, ის იყო ხორხის კიბოს გამო ახალი ნაოპერაციები, მას ჰქონდა თავიდანვე, შემოსვლისას ორმხრივი პნევმონია, ბულოზური ეფიზემა, ანემია, მარჯვენა ფილტვის ქვედა წილოვანი თრომბოემბოლია. მისი მდგომარეობა კოვიდ-19-ის მხრივ გარკვეულწილად გაუმჯობესდა, იმიტომ რომ უკვე 3-4 სექტემბერს იყო უარყოფით, ორჯერადი დატესტვის, შემდგომ გავიმეორეთ კვლავ 11 სექტემბერს, ისევ უარყოფითი იყო, მაგრამ მისი მძიმე ფონური დაავადებების გამო, რაც შეეხება ონკოლოგიურ პათოლოგიას და მრავალ სხვა პათოლოგიას, პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა და დღეს დილით 8 საათზე გარდაიცვალა,“ - აცხადებს მარინა ენდელაძე.

საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 390 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი. კოვიდსასტუმროებში იმყოფება 640 მოქალაქე.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები