ახალი ამბები
4 ოქტომბერი: კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 252 პაციენტი
ბოლო 24 საატსი, საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევიდან 370 აჭარას უკავშირდება.

მისივე განმარტებით, დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„აჭარაში 370 შემთხვევაა, თბილისში – 65 , იმერეთში – 63, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 28, ქვემო ქართლში – 11, შიდა ქართლსა და გურიაში 6-6, მცხეთა მთიანეთში – ოთხი, კახეთში – ერთი“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის მკურნალობის ეტაპზე მყოფი 3 874 პაციენტიდან 41-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის ცხრა ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.

რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილ კიდევ ორ პაციენტს, ენდელაძის თქმით, ერთ-ერთი აჭარიდანაა. საუბარია ასაკოვან პაციენტზე. მარინა ენდელაძეს მეორე გარდაცვლილის შესახებ ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია, თუ რა ასაკისაა და სად მკურნალობდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 8118 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 252 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 4244-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 50-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი ადამიანი კი გარდაიცვალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები