ახალი ამბები
ნუკრი ფეიქრიშვილის სუკულენტები და კაქტუსები მეჯვრისხევში
სუკულენტებისა და კაქტუსების იშვიათი ჯიშების კოლექციონერმა ნუკრი ფეიქრიშვილმა, მცენარეთა გამრავლებისა და რეალიზების მიზნით, სოფელ მეჯვრისხევში, საკუთარი სახლის ეზოში სათბური ააშენა. სათბურში ასევე ნახავთ წყლისა და ხის მცენარეებს, რომლებსაც საზრდოობისათვის მიწა არ სჭირდებათ, ასევე ციტრუსებისა და ბროწეულის ჯუჯა ხეებს.

როგორც ნუკრი ფეიქრიშვილის დედა ამბობს, მცენარეების მიმართ სიყვარულს ნუკრი ბავშვობიდან ამჟღავნებდა და სახლის ეზოში დარგულ ვარდებს განსაკუთრებულად უვლიდა.



„ 14 წელია, რაც კოლექციას ვაგროვებ და რაც მცენარეების შეგროვება დავიწყე. ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ სათბური გამეკეთებინა. ბავშვობიდან მქონდა მცენარეთა მიმართ განსაკუთრებული ინტერესი. ახლაც უკვე იმდენი მცენარე მომიგროვდა, რომ სათბური რომ არ გამეკეთებინა, ამ ზამთარს ვერ გადაიტანდნენ.“ - გვითხრა ნუკრი ფეიქრიშვილმა.

მან, თბილისში, ერთერთ კომპანიაში მუშაობა მებაღედ დაიწყო და ეზო, რომელიც ხრიოკი იყო, ედემის ბაღად აქცია. აქედან დაიწყო კოლექციის შეგროვება და მისი პირველი საკოლექციო კაქტუსი დღემდე საპატიო ადგილს იკავებს.



„თბილისში ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი, ამიტომ ყვავილები ყოველთვის იქ მქონდა, სადაც ვმუშაობდი. ბოლოს გადავწყვიტე, რომ სოფელში დავბრუნებულიყავი და ჩემი კოლექცია ბიზნესად მექცია. ვნანობ აქამდე, რომ არ მივიღე ეს გადაწყვეტილება. 14 წელი ტყუილად დავკარგე. სოფელში ამხელა სახლი მაქვს, ეზო და ამ საქმის კეთების უფრო მეტი შესაძლებლობა. ახლა ვფიქრობ მეორე სათბურის გაკეთებას. პროექტი დაწერილი მაქვს და იმედია დამაფინანსებენ.“ - ამბობს ჩვენი მასპინძელი.

პანდემია მის ბიზნესზე დადებითად აისახა, როგორც ამბობს, სახლში დარჩენილმა ადამიანებმა შვება ყვავილებში ჰპოვეს და მისგან სუკულენტების ნაირსახეობებს ხშირად ყიდულობდნენ.



„ სიმართლე რომ გითხრათ, ყველაზე დიდი გაყიდვები მქონდა პანდემიის დროს. როგორც ყველა ჩემი ოჯახის წვრებიც უმუშევრად დავრჩით, ამიტომ გავააქტიურეთ ადგილზე მიტანის სერვისი, რამაც გაამართლა და ისეთი რეალიზაცია მქონდა, არასოდეს არ მქონია მსგავსი მოგება. ეს მცენარეები ისეთი ანტისტრესები არიან, რომ სახლში დარჩენილ გაღიზიანებულ ადამიანებს დარწმუნებული ვარ, რომ ამშვიდებდნენ.“ - გვეუბნება ბატონი ნუკრი.

მცენარეთა სიყვარული ახლა უკვე პროფესიად ექცა და სურს, სხვებსაც გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება.

„ მაქვს იმხელა გამოცდილება, რომ ყყველას ვისაც სურს, სტუდენტებს, მოსწავლეებს ნებისმიერს ჩავუტარო მასტერკლასები. ასევე მინდა, სადმე სკოლაში მქონდეს საშუალება, რომ თვეში ერთხელ გაკვეთილის სახით ვასწავლო ბავშვებს მცენარეების მოვლა და მასთან ურთიერთობა, რადგან ვფიქრობ, რომ ადამიანი რომელსაც უყვარს ბუნება, მცენარეები უფრო მეტად კეთილშობილდება. იმედი მაქვს მომეცემა ამის საშუალება და ჩემს ცოდნას გავუზიარებ სხვებსაც.“ - აცხადებს ნუკრი ფეიქრიშვილი.




Print

სტატიის გამოყენების პირობები