ახალი ამბები
ცხინვალის სამთავრობო მედია წერს, რომ ხალხი პანიკაშია
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასწრაფო დახმარების სადგურში დღეში 60-70 ზარი შედის. ზარების ავტორთა უმრავლესობას  სიცხე აწუხებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს. სასწრაფო სამედიცინო სადგურის მთავარი ექიმი, ემზარ ყულუმბეგოვი აცხადებს, რომ ზარების რაოდენობა, რუსეთთან გზის გახსნის შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა.

"ოთხიჯგუფი მუშაობს: სამი თერაპიული გუნდი, ერთი ბავშვებისთვის. მე ექიმები არ მყავს, რომ ჯგუფები გავზარდო. გუშინ 62 ზარი მივიღეთ, გუშინ წინ - 70-ზე მეტი. დღეს უკვე 30-მდე ზარია მიღებული. ექთნები ცდილობენ გავიდნენ ყველა ზარზე. დღეში ოთხიდან შვიდი პაციენტი გადაყავთ რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებაში", - თქვა ყულუმბეგოვმა.

მთავარმა ექიმმა აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა, სასწრაფო დახმარება მიდის იქ, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. "ისე ხდება, რომ დაბალი სიცხეების მქონე პირები სასწრაფო დახმარებას იძახებენ. მოსახლეობაში უფრო მეტად პანიკაა ", - თქვა მან.

მთავარი ექიმი აღნიშნავს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს შორის, კორონავირუსული ინფექციის შემთხვევები არ გამოვლენილა.

ცხინვალელი ჟურნალისტი სასწრაფო დახმარების ჯგუფის ექიმს, მონიკა ჯიოევას ესაუბრა. ჯიოევას თქმით, რესპუბლიკაში კორონავირუსული ინფექციის გაჩენისთანავე, მუშაობა უფრო ინტენსიური გახდა.

"ჩვენ ვემსახურებით ქალაქს და ზოგიერთ ადგილს. დაძაბულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ხალხს ეშინია და ნებისმიერ მიზეზზე სასწრაფო დახმარებას იძახებს. ჩვენ უამრავი გამოწვევა გვაქვს. დღეს სიტუაცია ძალიან დაძაბულია, ხალხი პანიკაშია", - თქვა მან.

ექიმის თქმით, კოვიდის უმეტესი ნაწილი დასტურდება იმ ადამიანებში, ვინც რუსეთიდან ჩამოვიდა.

"გზის გახსნის შემდეგ, ჩვენ გვყავს კორონავირუსული ინფექციით დაავადებულთა დიდი რაოდენობა. ძირითადად ავად არიან მოზრდილები ... ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ ნიღბები, გამოიყენოთ სადეზინფექციო საშუალებები და უარი თქვათ ხალხმრავალ ადგილებში. სასწრაფო დახმარების ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაეხმარონ ყველას, ვინც გაჭირვებულია. ექიმების დატვირთვის მიუხედავად, არავინ დარჩება ყურადღების გარეშე ", - თქვა მან.

,,რესის'' ჟურნალისტმა ექიმთან საუბარი მხოლოდ ორი წუთის განმავლობაში მოახერხა, რადგან სასწრაფო გამოძახება მოუწია, რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის დატვირთვაზეც მეტყველებს.

ცნობისათვის, დღეს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენლის, დინა გასიევის თქმით, ამ ეტაპზე, მდგომარეობა სტაბილურია და დაავადება მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს.

დღეს დილით, დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარის, მარინა ყოჩიევის განცხადებით, COVID-19– ზე ჩატარებული 170 გამოკვლევიდან 57 – მა ტესტმა აჩვე. რაც შეეხება საერთოდ რაოდენობას, 15 სექტემბრიდან დღემდე დე-ფაქტო რესპუბლიკაში ინფიცირებულია 194 ადამიანი. 15 სექტემბერს რუსეთთან დამაკავშირებელი გზა გაიხსნა.

იხ. ამავე თემაზე:

ცხინვალში დღეს კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა - გარდაიცვალა 1 ქალი
Print

სტატიის გამოყენების პირობები