ახალი ამბები
შიდა ქართლში კოვიდცენტრად 3 კლინიკა იმუშავებს
კორონავირუსის პანდეემის პირობებში შიდა ქართლში კოვიდცენტრად სამი კლინიკა იმუშავებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას, ამ ეტაპზე საწოლფონდის დეფიციტი არ გაქვს, შიდა ქართლში კოვიდცენტრად 3 კლინიკა იმუშავებს, ამათგან ორი - ,,გორმედს" ეკუთვნის, გორსა და ხაშურში.

,,დღეის მდგომარეობით 4392 საწოლი გვაქვს მობილიზებული. თბილისის მასშტაბით 4 კლინიკა ჩაერთვება შემდეგ დღეებში. შიდა ქართლში - სამი დამატებითი კლინიკა, იმერეთის რეგიონშიც 3 კლინიკა, კერძოდ ქუთაისში 2 დამატებითი კლინიკა იქნება'' - განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე საავადმყოფოებში 2992 პაციენტი მკურნალობს. დღეს საკმაოდ დიდი ნაწილი გასაწერად ემზადება. 340 ადამიანი იმყოფება ტრიაჟში.

,,არ ვთვლით, რომ ჩვენ საწოლფონდის დეფიციტი გვაქვს. იცით რომ ვიყენებთ სასტუმროების სივრცეს. გამომდინარე იქიდან რომ არაერთგვაროვანი ინფორმაცია ვრცელდება ამასთან დაკავშირებით, პაციენტები ხედავენ გარკვეულ რისკს სასტუმროებში გადასვლასთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ სასტუმროს სივრცეში მობილიზებულები არიან ექიმების და ექთნების ბრიგადები, რომლებიც მათთან მონიტორინგს და მკურნალობას გააგრძელებენ ისე, როგორც კლინიკებში. სასტუმროებში განთავსდებიან ის პაციენტები, ვისზეც ვიცით, რომ რისკი არის მინიმალური. აქედან გამომდინარე ვიყენებთ სასტუმროების სივრცეს." - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, ამჟამად სახლში მკურნალობას გადის 6 544 ადამიანი:

,,აქაც მნიშვნელოვანი ცვლილება არის განხორციელებული, დღემდე არსებული 17 კლინიკისა, რომელიც თბილისის მასშტაბით მონაწილეობდა პაციენტების მონიტორინგში, ჩვენ დავამატეთ კიდევ 24 კლინიკა. დღეს თბილისის მასშტაბით ყველა ეს კლინიკა ჩართულია პაციენტების მართვაში“,-განაცხადა ტიკარაძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები