ახალი ამბები
ქვახვრელში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
გუშინ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, 70 წლის ასაკის მამაკაცი  დაკრძალეს. ცხედარი საავადმყოფოდან პირდაპირ საფლავზე მიიტანეს. სოფლის წარმომადგენელმა და ახალგაზრდებმა სამარე გამზადებული დაახვედრეს. 

მამაკაცს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. დიაბეტის გამო, მხედველობის პრობლემა ჰქონდა, თავდაპირველად ექიმებს საავადმყოფოში წაყვანაზე უარი უთხრა.

ოჯახის ახლობლის თქმით, კოვიდკლინიკაში მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

,,თავიდან კორონავირუსი შვილს დაუდასტურდა, რომელიც თბილისში მუშაობს და ეპიდემიოლოგების აზრით სწორედ თბილისში ყოფნის დროს დაინფიცირდა. შვილიც რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა და ორი დღეა, რაც სასუნთქი აპარატიდან მოხსნეს. ძალიან მძიმედ იყო შვილიც. შემდეგ მამას დაუდასტურდა, სიმპტომები ჰქონდა, თუმცა ექიმებს უთხრა: არ წამიყვანოთ საავადმყოფოში, სახლში მირჩევნია მოვკვდეო. შემდეგ, მდგომარეობა დამძიმდა და წაიყვანეს საავადმყოფოში" - გვითხრა ოჯახის ახლობელმა.

ქვახვრელში საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გადავიდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები