ახალი ამბები
ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს, რომელმაც ორთვიანი შეზღუდვების ეფექტურობა უნდა გაზარდოს - გიორგი გახარია
გამოვაცხადეთ ორთვიანი გეგმა, რომელმაც უნდა დაასტაბილუროს ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება. ამასთან ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს, რომელიც უახლოეს პერიოდში მიაღწევს დღეში 20 ათას ტესტს. ეს არის პარალელური პროცესი, რომელმაც შეზღუდვების პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ინფიცირების სწრაფ გამოვლენას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ნაბიჯის მიზანი არის ის, რომ შეზღუდვების ორთვიანი გეგმა იყოს მაქსიმალურად ეფექტური.

„მიზანია, რომ ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად გამოვავლინოთ ინფიცირების შემთხვევები, მოვახდინოთ მათი მკურნალობა, რომ თებერვლის დასაწყისში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების. ასევე, შეიქმნა ჯგუფი, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმაზე, მის შეძენაზე. ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ ვაქცინის დროულად შემოტანასთან დაკავშირებით და ამ კომისიამ უნდა უზრუნველყოს, როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე იმ ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარება, რომელიც აუცილებელი დროული ვაქცინაციის დასაწყებად“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, შეზღუდვების შესრულება და გამოხატვის თავისუფლება ერთმანეთს ხელს არ უშლის, ამიტომ წესები ყველამ უნდა დაიცვას.

„შეუძლებელია ორ თვეში ვირუსის გავრცელების შეჩერება, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერება. დავიცვათ შეზღუდვები, რომ დავიცვათ ერთმანეთი. რა თქმა უნდა, ქვეყანაშ არავინ შეზღუდავს არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლებას, თუმცა ის მოთხოვნები, რომელსაც დღეს კანონი და ეპიდემიოლოგები გვიყენებენ არ არის რთული. შეგვიძლია შევინარჩუნოთ გამოხატვის თავისუფლება და დავიცვათ ელემენტარული წესებიც. არ არის რთული პირბადის ტარება. მინდა შსს-ს წარმომადგენლებს ვთხოვო, ის წესები, რომელიც დადგენილია და არანაირად არ უშლის ხელს გამოხატვის თავისუფლება, აღსრულებული იყოს მაქსიმალური სიმკაცრით“, – განაცხადა გახარიამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები