ახალი ამბები
ექიმ მირიან არსაკიძის გარდაცვალების ფაქტზე ,,გორმედი'' განცხადებას ავრცელებს
,,გორმედის'' კლინიკაში აცხადებენ, რომ ექიმი მირიან არსაკიძე, კორონავირუსის დიაგნოზით, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი, ტატო ქაჯაია ამბობს, რომ ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, განვითარდა მარჯვენა ფილტვის სრული დაზიანება.

,,კლინიკაში შემოსვლისას მირიან არსაკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. კოვიდის დადასტურებული დიაგნოზით, ფილტვის უკიდურესად მძიმე დაზიანებით, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, განვითარდა მარჯვენა ფილტვის პნევმოთორაქსი ფილტვის სრული ჩაფუშვით, გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, თუმცა, ფილტვის დაზიანება კვლავ მაქსიმუმით - 24 ქულით ფასდებოდა. პაციენტი გადაყვანილი იქნა მართვითი სუნთქვის აპარატზე. კოვიდვირუსულ პნევმონიას თან დაერთო ფილტვის ბაქტერიული ინფიცირებაც, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გახდა სეპტიური შოკი" - ტატო ქაჯაია, ,,გორმედის" რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

70 წლამდე ასაკის ექიმი გორში, მოზარდთა კლინიკაში წლების განმავლობაში მუშაობდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები