ახალი ამბები
1-ელი თებერვლიდან გორის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა
1-ლი თებერვლიდან გორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა. ამის შესახებ გორის რესურსცენტრიდან გვაცნობეს.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის განცხადებით, გამონაკლისის სახით, რამდენიმე სკოლაში, სხვადასხვა კლასების მოსწავლეთა მშობლების მოთხოვნით, სწავლების პროცესი დისტანციურ რეჟიმში დარჩა.

თუმცა, ზოგადად ყველა სკოლაში სწავლება პირისპირ მიმდინარეობს.

დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა.

ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. კერძოდ, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს: გაკვეთილის ხანგრძლივობა; საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით; მოქნილად დაგეგმოს ცვლები; მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი; შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება; სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, სასწავლო დღედ გამოიყენოს შაბათი დღე.

სამინისტრო სკოლებს დამატებით შესაძლებლობებსაც სთავაზობს. კერძოდ, სამინისტრო 1-ლი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს, 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრში უკვე აპრობირებული მეთოდის მსგავსად, კვლავ აძლევს შესაძლებლობას გააკეთოს არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

თუ მოსწავლის მშობელს რაიმე მიზეზის გამო აქვს დისტანციურ ფორმატში სწავლის გაგრძელების სურვილი, მათთვის შეთავაზებული იქნება სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესაძლებლობა. აღნიშნული მიდგომა შეეხება მხოლოდ შემდეგ ქალაქებში - ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთში და გორში მდებარე საჯარო სკოლებს. თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ.

მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე.

რაც შეეხება მასწავლებელთა ტესტირებას, მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები