ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის საწინააღმდეგო 2600 ვაქცინა ჩაიტანეს
შიდა ქართლში კორონავირუსის საწინააღმდეგო 2600 ვაქცინა ჩაიტანეს. ვაქცინების განაწილება გორიდან დაიწყო.

დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის წარმომადგენლის, ეკა ქორჩაშვილის თქმით, დოზები მუნიციპალიტეტში შემდეგი ოდენობით განაწილდა:

გორში - 1200; ქარელში - 400; კასპსა და ხაშურში 500-500 ცალი.

,,პირველად აიცრებიან მაღალი რისკის მქონე ადამიანები, სამედიცინო პერსონალი. ამ ეტაპზე სამხედრო ჰოსპიტალში დარეგისტირებულია 10 ექიმი, დაახლოებით ამდენივე ,,გორმედში" - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.

პირველი ექიმი 15 მარტს აიცრება. ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, აცრები ჩატარდება რეგიონის შემდეგ კლინიკებში:

გორში - სამხედრო ჰოსპიტალსა და გორმედში, ასევე კასპის ,,მედალფაში'', ხაშურის ,,ახალ კლინიკასა'' და ქარელის ,,გორმედში''.

 

შეგახსენებთ, დღეს შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოიტანეს.

COVAX პლატფორმიდან საქართველოსთვის „ასტრაზენეკას“ 129 600 დოზა, ხოლო „ფაიზერის“ 29 250 დოზაა გამოყოფილი, რომლის მოწოდება მაისის ბოლომდე დასრულდება.

ვაქცინაციის პროცესი ორშაბათს, 15 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყება.

ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება.

პირველ ეტაპზე აიცრება ის პერსონალი, რომელთაც COVID-ინფიცირების სტატუსი ბოლო 120 დღის მანძილზე არ აქვთ. ბოლო მონაცემებით ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია 64 051 პირი, რომელთაგან აცრას დაქვემდებარებული პირების რაოდენობა 54 000-ს შეადგენს.

ვაქცინაციის პროცესის დაწყებისათვის სამედიცინო პერსონალის და პროცესში ჩართული პირების ტრენინგები უკვე დასრულებულია.

აცრა ნებაყოფლობითია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები