ახალი ამბები
გორში 1-ელ ეტაპზე 1200 მოქალაქე აიცრება - COVID 19
დღეს გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კორონავირუსის საწინააღმდეგო 1200 ვაქცინა მიიტანეს, რეგიონში კი, - 2600 ვაქცინა განაწილდა.

პირველი ექიმი 15 მარტს აიცრება. თავდაპირველად, აცრებს სამედიცინო პერსონალი ჩაიტარებს. მოქალაქეებს რეგისტრაცია ონლაინპლატფორმაზე შეუძლიათ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეის მონაცემებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში 10 ექიმია დარეგისტრირებული, დაახლოებით ამდენივე ,,გორმედში''.

დოზები მუნიციპალიტეტში შემდეგი ოდენობით განაწილდა: გორში - 1200; ქარელში - 400; კასპსა და ხაშურისთის გაიგზავნა 500-500 ცალი.

შეგახსენებთ, დღეს შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოიტანეს.

COVAX პლატფორმიდან საქართველოსთვის „ასტრაზენეკას“ 129 600 დოზა, ხოლო „ფაიზერის“ 29 250 დოზაა გამოყოფილი, რომლის მოწოდება მაისის ბოლომდე დასრულდება.

ვაქცინაციის პროცესი ორშაბათს, 15 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყება.

ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება.

პირველ ეტაპზე აიცრება ის პერსონალი, რომელთაც COVID-ინფიცირების სტატუსი ბოლო 120 დღის მანძილზე არ აქვთ. ბოლო მონაცემებით ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია 64 051 პირი, რომელთაგან აცრას დაქვემდებარებული პირების რაოდენობა 54 000-ს შეადგენს.

ვაქცინაციის პროცესის დაწყებისათვის სამედიცინო პერსონალის და პროცესში ჩართული პირების ტრენინგები უკვე დასრულებულია.

აცრა ნებაყოფლობითია.


Print

სტატიის გამოყენების პირობები