ახალი ამბები
3 კვირის მანძილზე გორში კოვიდვაქცინაცია 247-მა მოქალაქემ ჩაიტარა
2021 წლის 15 მარტიდან დღემდე გორში ასტრაზენეკას ვაქცინით 247 ადამიანი აცრეს. გორის მერიიდან მიღებული ცნობის მიხედვით, ბოლო ათ დღეში იმაზე ნაკლები ადამიანია აცრილი, ვიდრე პირველ ათ დღეში.

,,ეს ის ადამიანები არიან, ვინც უშუალოდ ჰოსპიტალში აიცრნენ. თუმცა, ზოგიერი ექიმი თბილისში აიცრა. ამიტომ, ამ სტატისტიკაში უნდა ვიგულისხმოთ, მხოლოდ, ისინი, ვინც უშუალოდ გორში აიცრნენ'' - გვითხრეს გორის მერიაში.

მას შემდეგ, რაც ახალციხეში ვაქცინის შემდეგ, მედდა გარდაიცვალა, ვაქცინაცია გორში მხოლოდ ჰოსპიტალში ტარდება. მანამდე, ამ პროცესში ,,გორმედიც'' იყო ჩართული.

ჯამში, ადგილობრივ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, 15 მარტს, ასტრაზენეკას 1200 დოზა ვაქცინა აქვს მიღებული. რეგიონში სულ 2600 დოზაა განაწილებული.

ბოლო 24 საათში გორის მუნიციპალიტეტში გვაქვს 8 ახალი დადასტურებული შემთვევა. ამ ეტაპზე კოვიდ 19 -ით მუნიციპალიტეტში 68 პირი მკურნალობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები