ახალი ამბები
ქვეყანაში დაწესებული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება - მთავრობა
საჭიროა ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა, რათა მკაცრი შეზღუდვების დაწესების საჭიროება არ დადგეს. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, შესაბამისი უწყებები კიდევ უფრო მკაცრად გააკონტროლებენ ყველა იმ რეგულაციის აღსრულებას, რომლებიც მიმართულია ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ.

ამის შესახებ მთავრობის წარმომადგენელმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ, განაცხადა.

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სწორად გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით ნებადართული არ არის.

,,ამასთან, როგორც ცნობილია, აკრძალულია ფართობის გადაცემა/დათმობა საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და სხვ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით. აღნიშნული შეზღუდვის დარღვევა კი გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.''- აღნიშნეს ბრიფინგზე.

სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებისა და გაფართოების მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით გრძელდება ინტენსიური მოლაპარაკებები, რის შედეგადაც, უახლოეს მომავალში ქვეყანა ვაქცინების ახალ დოზებს მიიღებს.

საბჭო ასევე მსჯელობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედ რეგულაციებზე და შემდგომ გადაწყვეტილებებს არსებული ეპიდვითარების შეფასების შემდეგ, უახლოეს პერიოდში მიიღებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები