აქციაზე დაკავებულთა შორის კასპის ,,ენმ“-ს წევრიც არის
18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ,,ნაციონალური მოძრაობის“ კასპის ორგანიზაციის წევრი გურამ მჭედლიშვილი დააკავეს.

მჭედლიშვილის სასამართლო პროცესი რამდენიმე საათში გაიმართება, მას შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორ მუხლს ედავება.

ინფორმაცია Qartli.ge-ს ნაციონალური მოძრაობის კასპის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნუგზარ ნონიაშვილმა მიაწოდა.

„დარბევა რომ დასრულდა და ყველაფერი დაწყნარდა გურამი მაშინ დააკავეს. ის პოლიციელების პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. არც აგრესიულობით გამოირჩეოდა და არც სხვა რამით, ჩვეულებრივი აქციის მონაწილე იყო. სპეცრაზმელების მხარეს მოექცა და ვფიქრობთ, რომ ამის გამო მოხდა მისი დაკავება. გუშინ მოკლე ტექსტური შეტყობინება გამომიგზავნა და მითხრა, რომ დააკავეს, ჩვენ თბილისის რომელიმე განყოფილებაში გვეგონა. ძებნის შემდეგ მას საგარეჯოს პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში მივაგენით,“- აცხადებს ნონიაშვილი.

18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები