ქართული ბლოკპოსტი ჩორჩანაში ფეხში შერჭობილი ხიჭვივით სტკივა ჩვენს სახელმწიფოს - ანატოლი ბიბილოვი
საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას სოფელ ჩორჩანას ტერიტორიაზე განთავსებული ქართული პოლიციის ბლოკპოსტი ფეხში შერჭობილ ხიჭვს შეადარა, ბიბილოვი ე,წ საზღვარზე გამშვები პუნქტების ჩაკეტვასაც სწორედ ამ პოლიციის პოსტის არსებობას უკავშირებს. შეხვედრის დროს ბიბილოვის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ,,sputnik-ossetia" ავრცელებს.

"როდესაც ადამიანს ფეხში ხიჭვი შეერჭობა, მთელი სხეული სტკივა. ტკივილის შესამსუბუქებლად საჭიროა ხიჭვის ამოღება. წარმოვიდგინოთ, რომ სხეული - ეს სახელმწიფოა, რომელიც ფიქრობს იმაზე, რომ ხიჭვი მოიშოროს. ეს პოსტი - სწორედ ის ხიჭვია, რომელიც ჩვენი სხეულის, ჩვენი სახელმწიფოს ტკივილს იწვევს. პრობლემა ეხება ყველა ნაწილს. ზოგჯერ ტკივილისგან თავის დასაღწევად საჭიროა ქირურგიული ჩარევა და ექიმის დახმარება. ეს ექიმები, მე ვთვლი, რომ ხართ თქვენ და თქვენ შეგიძლიათ ამ პრობლემის გადაწყვეტა. ეს თქვენი კომპეტენციაა, შეიძლება ითქვას, თქვენი პირდაპირი მოვალეობა, რომ გადაწყვიტოთ ეს ამოცანა ან დაეხმაროთ მის შესრულებაში ქართულ მხარეს," - განაცხადა ბიბილოვმა.

ბიბილოვის თქმით, შექმნილი სიტუაცია მას 2008 წელს აგონებს.

"ეს სიტუაცია 2008 წელს მაგონებს, როდესაც ქართული მხარის ყველა პროვოკაცია ხდებოდა თქვენი კოლეგების მდუმარე თანხმობით, როდესაც აქ იყვნენ ეუთოს წარმომადგენლები. მე ძალიან არ მინდა, რომ თქვენმა პრინციპულმ პოზიციამ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებთან დაკავშირებით, ქართველების მოტივირება მოახდინოს. ეს არის წინდაუხედავი ნაბიჯები, რომლებიც არაფერ კარგთან არ მიგვიყვანს. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ, დაძაბულობა რაც შეიძლება მალე მოიხსნას, სიტუაცია არ გაცდეს გონივრულობის ჩარჩოებს და პრობლემები არ გადაწყდეს სამხრეთ ოსეთის ხარჯზე," - აღნიშნა ბიბილოვმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები