ესტონეთის ექს-პრეზიდენტი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს
ესტონეთის ექსპრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი და მისი მეუღლე იევა ილვესი ე.წ. ცხინვალის იზოლატორში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. ვიდეომიმართვას საქართველოში ესტონეთის საელჩო ავრცელებს.

ტომას ჰენდრიკ ილვესის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი საკუთარ მოვალეობას ასრულებდა და რეგიონში მყოფ მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას სთავაზობდა.

19 ნოემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა.

ამ განცხადებას გაფრინდაშვილის ოჯსხიდ წევრები გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ვაჟა გაფრინდაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში მუშაობდა და რუს მფრინავებსაც მკურნალობდა.

15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. 16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ამავე მიზნით აქციებს ქართველი ექიმებიც მართავენ.

სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი უახლოეს დღეებში გაათავისუფლებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები