სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ ხუთ სამხედრო მოსამსახურეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ანალიზის პასუხები ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს მიიღეს.

გამოკვლევის შედეგად, ასევე, გამოირიცხა ერთი სამხედროს პნევმონიის დიაგნოზი. თავდაცვის სამინისტრომ პაციენტების გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსების გადაწყვეტილება მიიღო.

უწყების გადაწყვეტილებით, ყველა ჯარისკაცს, რომელსაც ვირუსისთვის, ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები ექნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

"საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადმოყვანილი არის ჩვენთან 5 სამხედრო მოსამსახურე,
ხუთივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 5-დან ორთან არის აღებული ნიმუში და ორივე უარყოფითია. სამთან არ არის გამოკვეთილი არანაირი სიმპტომატიკა და გამომდინარე აქედან, ისინი დარჩებიან დაკვირვების მიზნით ჩვენს სამხედრო ჰოსპიტალში. დღეის მდგომარეობით, გვყავს 53, 40 სამხედრო მოსამსახურე, 13 სამოქალაქო პირი და 3 დადასტურებული შემთხვევა. 3 დადასტურებული შემთხვევიდან 2 მიმდინარეობს მსუბუქი ნიშნებით, ხოლო მე-3 შედარებით მძიმე კლინიკით. მათი მდგომარეობა ექვემდებარება მკურნალობას," - აცხადებს თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი დავით ბარლიანი.

საქართველოში 27 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 81-მდე გაიზარდა, საიდანაც 13 გამოჯანმრთელდა.

შესაბამისი ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

რაც შეეხება მსოფლიოს, დღეის მონაცემებით COVID 19 ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. თუმცა, აქედან 122 672 უკვე გამოჯანმრთელებულია.

ვირუსის გავრცელების მხრივ პირველ ადგილზე არის აშშ – 85 991 შემთხვევით, შემდგომ მოდის ჩინეთი 81 782 შემთხვევით, მესამე ადგილზე კი იტალიაა – 80 589 შემთხვევით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები