ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა
დღეს, ხაშურის მუნიციპალიტეტი სოფელ ხიდისყურში საგუშაგო პოსტები მოიხსნა და ადგილობრივი მოსახლეობა კარანტინის რეჟიმისგან გათავისუფლდა.

ამის შესახებ Qartli.ge-ს რეგიონის ანტიკრიზისული საბჭოს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

შეგახსენებთ, 13 აპრილს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდა, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სხდომაზე მიიღო.

სოფელში იკრძალებოდა შესვლა და გამოსვლა.

შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა
განაცხადა, რომ სოფელში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე სკრინინგის პირობებში, არც ერთი დამატებითი შემთხვევა აღარ დადასტურებულა.

„მას შემდეგ, რაც არსებული ეპიდემიოლოგიური საფრთხის გამო, ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდა, სოფელი ჩაკეტილი იყო. ადგილზე კონტროლს პოლიცია უზრუნველყოფდა, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა სოფელში მცხოვრებთა სკრინინგი. პირველი ორი ინფიცირებულის გარდა, არც ერთი შემთხვევა აღარ დადასტურებულა. ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარე მონიტორინგისას, მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებოდით ეპიდემიოლოგებთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან და მათთან კონსულტაციების საფუძველზე და ცენტრალურ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, მივიღეთ მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება. “, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები