განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული სასულიერო პირის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს სასამართლო იმსჯელებს
განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული სასულიერო პირის მამა დავითის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს გორის რაიონულმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს. დღესვე გაირკვევა შეუფარდებენ თუ არა წინასწარ აღმკვეთ ღონისძიებას ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს მამა დავითს.

პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საგანგებო განცხადება გააკეთეს ადვოკატებმა და მოითხოვეს, რომ მღვდელმსახური პატიმრობიდან ყოველგვარი პირობის გარეშე გაათავისუფლონ. უფლებადამცველების მტკიცებით, შეიარაღებული დაპირისპირება არ მომხდარა და გამოძიებას საქმის მთავარი მტკიცებულება, ცეცხლსასროლი იარაღი, არ ამოუღია.

თავად ბრალდებული სასულიერო პირი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, დაკავებულმა წინამძღვარმა დავით აქიაშვილმა, იგივე კობა კობაიძემ, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასულიერო პირის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე ირწმუნება, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ყინწვისის მონასტრის წინამძღვრის დანაშაულს დაამტკიცებდა. მისი თქმით, გამოძიება ერთ-ერთი მოწმის ვარაუდს ეყრდნობა:

,,ერთ-ერთი მოწმე ვარაუდობს, რომ შეიძლება მამა დავითი ყოფილიყო სროლის განმახორციელებელი", - აცხადებს ბექა ნემსიწვერიძე. უფლებადამცველის თქმითვე, მისი ინფორმაციით, სასულიერო პირს იმ დღეს მონასტერი არ დაუტოვებია.

სასულიერო პირის კიდევ ერთი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ დაცვის მხარე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას გეგმავს. მისივე თქმით, ყინწვისის მონასტრის წინამძღვრის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ეკლესიის დისკრედიტაციის შეგნებული მცდელობაა:

,,დაცვის მხარე აპირებს, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატაროს, რამდენად რეალურს საუბრობს ეს მოწმე, როგორ შეძლებდა ის ფაქტობრივად დაენახა, რომ ჯერ ვიღაც პირი იყო და მერე ვინც იარაღი ისროლა მამა დავითი იყო. ეს არის აბსურდი და სხვა არაფერი. არცერთი ფაქტობრივი გარემოებით არ დასტურდება მამა დავითის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება და რომ რაიმე ფორმით კონფლიქტი ჰქონოდა მამა დავითს სასულიერო პირებთან, მით უმეტეს მამა საბასთან. შეგნებულად ხორციელდება ეკლესიის დისკრედიტაცია", - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

ალექსანდრე კობაიძე პოლიციელების მხრიდან სასულიერო პირის პროვოცირების მცდელობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ფაქტს დაცვის მხარე გაასაჩივრებს.


იხ. ამავე თემაზე:

არქიმანდრიტი საბა - ,,არ ვარ დაჭრილი"
ყინწვისის ძმების ამბავი
ქარელში დაკავებული კობა კობაიძე სასულიერო პირია
ყინწვისის მონასტრის სქემ-იღუმენის ინტერესებს სასამართლოში ალექსანდრე კობაიძე დაიცავს
ადვოკატი დაკავებულ მღვდელს შეხვდა - ყინწვისის სქემ-იღუმენი ბრალს უარყოფს


Print

სტატიის გამოყენების პირობები