გუგუტიაანთკარში მომხდარ დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
პოლიციამ გორის მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დაკავებულს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ო.გ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში დააკავეს. მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება. დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა და 1990 წელს დაბადებულმა თ.ი.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც ო.გ.-მ თან ნაქონი, გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელი იარაღიდან ორჯერ ჰაერში გაისროლა, შემდეგ კი თ.ი.-ს ბასრი საგნით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია საავადმყოფოში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს."- ნათქვამია განცხადებაში.

იხ. ამავე თემაზე: საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიაანთკარში მამაკაცი დაჭრეს

Print

სტატიის გამოყენების პირობები