მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი დღეს გამოვლინდება - ფინალისტებს შორისაა გორის მე-12 სკოლის პედაგოგი
დღეს, 20:00 საათზე, მასწავლებლის საერთაშორისო დღეზე, 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გამოვლინდება.

5 ფინალისტს შორისაა, გორის მე-12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი მარიკა ვართუმაშვილი.

წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები პიტერ ტაბიჩიმ დაასახელა, რომელიც 2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებულია.

ხუთეულიდან ერთ-ერთი დღეს, 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – "გუდავაძე-პატარკაციშვილის" ფონდისგან 10 000 ლარი გადაეცემა.

ხუთეულში მოხვდნენ:

სოფიო გოგოხია – აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მარინე ვართუმაშვილი – ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი

ანა კინწურაშვილი – თბილისის კერძო სკოლა ქორალის მათემატიკის მასწავლებელი

თეონა შერაზადიშვილი – ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ელზა ხარშილაძე – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეოთხედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი, მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.
Print

სტატიის გამოყენების პირობები