ქართლის სტუდია
ანა დოლიძე - ,,ოკუპაციის თემაზე საერთაშორისო ტრიბუნებს ხელისუფლება არ იყენებს"
საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ერთი დღით შიდა ქართლში იმყოფებოდა. მან გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებული სოფლები (ქარელსა და ხაშურში) და საოკუპაციო ხაზი მოინახულა. ატოცის შემდეგ გორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა გამართა. დღის ბოლოს კი, იუსტიციის საბჭოს წევრი ,,ქართლის სტუდიას" ესტუმრა, სადაც სამართლიანობის აღდგენის თემებთან ერთად, ხელისუფლების ანტისაოკუპაციო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

,,მე თქვენს მოსასმენად მოვედი, თუ რა ხდება რეგიონებში. მაინტერესებს არა მარტო ის, თუ რა ხდება სასამართლოში, არამედ ნებისმიერ სფეროში" - განუცხადა ანა დოლიძემ შეხვედრის მონაწილეებს. მისი განმარტებით, ცვლილებებისთვის, სწორედ, ხალხთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიღებაა საჭირო.



შეხვედრის შემდეგ ანა დოლიძე ,,ქართლის სტუდიას" ესტუმრა. გადაცემის პირველ ნაწილში სტუმარმა საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ტრიბუნებს, ამ თემაზე სასაუბროდ, არ იყენებს. მისი განმარტებით, ხელისუფლება ინერციით მოქმედებს და დღეს მსოფლიოში თითქმის აღარ ესმით რუსეთის ოკუპაციის გამო საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ.

,,პირობითად ვამბობ, რომ გაეროს გენერალურ მდივანს სახლშიც კი უნდა ესმოდეს ოკუპაციის შესახებ  ჩვენი ხმა. ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს შტურმის პრინციპით. აბა გაბედოს ვინმემ და ისრაელზე გადაბრუნებული სიტყვა თქვას, მაშინვე მომართულნი არიან საელჩოს წარმომადგენლები და ახდენენ რეაგირებას" - ამბობს ანა დოლიძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები