სხვადასხვა
როცა ქართლის სამეფო იმართებოდა ,,ბატონის სასახლიდან"
მე-18 საუკუნის დასაწყისში ქართლ-კახეთის სამეფო გაერთიანდა. ქართლის თავადები და სამეფო კარის წევრები ცდილობდნენ ტახტის დაბრუნებას, თუმცა უშედეგოდ.

1724 წელს ქართლი დატოვა ვახტანგ VI-მ და რუსეთში გადაიხვეწა. 1724-26 წლებში ქართლში იმეფა მისმა გამაჰმადიანებულმა ძმამ - იესემ.

1726 წლიდან ქართლის სამეფო ტახტზე პრეტენზია კახეთის მეფემ, თეიმურაზ მე-II-მ განაცხადა. მისი ცოლი ვახტანგ VI-ის შვილი იყო.

იესეს შვილები იყვნენ - თეიმურაზი (შემდგომში ანტონ I კათალიკოსი), არჩილი (აბდულ-ბეგი) და ისაყ-ბეგი.

კახეთის მეფემ ბრალი დასდრო თეიმურაზ იესეს ძეს, რომ ის კათოლიციზმის მიმდევარი იყო და საქართველოდან გააძევა. შემდეგ, 60-იან წლებში ერეკლემ დააბრუნა და კათალიკოსად აღადგინა.

1742 წელს არაგვის საერისთავოში გლეხები აჯანდნენ, რომელსაც ისაყ-ბეგი უჭერდა მხარს.

1747 წელს კახეთის მეფე ისპაანში იმყოფებოდა. ქართლის ,,მმართველად" არჩილი (იწოდებოდა აბდულ-ბეგად) დანიშნა. ის აჯანყდა, რომელსაც მხარი დაუჭირა ისაყ-ბეგმაც. მათ საბოლოოდ დასამარცხებლად ერეკლე II-ს ერთწლიანი ბრძოლის წარმოება დასჭირდა.

1750 წელს ისაყ-ბეგი ქრისტიანულად მოინათლა და ალექსანდრედ იწოდა. მან ქვემო ქართლში საუფლისწულო მამული მიიღო. 1759 წლიდან რუსეთში გადასახლდა.

პ.ს. ალექსანდრეს შვილიშვილი იყო სახელგანთქმული მხედართმთავარი, ინფანტერიის გენერალი პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი (1765-1812).
აბდულა-ბეგის (არჩილის) ვაჟი _ დავითი უშუალოდ მონაწილეობდა ვახტანგ VI-ის ვაჟის _ უფლისწულ პაატას შეთქმულებაში, რომელიც 1765 წელს ჰქონდა ადგილი.

 

პაატას შეთქმულება

 


ვახტანგ VI რუსეთში გარდაიცვალა 1737 წელს.  ტახტის რეალური მემკვიდრე იყო ბაქარი. გარდაიცვალა რუსეთში, 1750 წელს.

მისი ძე იყო ალექსანდრე. გარდაიცვალა 1791 წელს რუსეთში. ვახტანგის შვილებს არ უშვებდნენ რუსეთიდან სპარსეთთან დაახლოების და ერეკლესთან დაპირისპირების შიშით.

პაატა - ვახტანგ VI-ნაბოლარა შვილი საქართველოში გამოიქცა 1765 წელს. მას ქვემეხების ჩამოსხმის საქმე დაავალეს. დანიშნეს თბილისის მოურავად.

1765 წელს, პაატას გარშემო ქართლის თავადაზნაურობა გაერთიანდა. ისინი მარკოზაშვილის ბინაში იკრიბებოდნენ. ტახტიდან ერეკლეს ჩამოგდება, პაატას გამეფება და ქართლ-კახეთს მეფედ კურთხევა დაისახეს მიზნად.

შეთქმულება გასცა სამშვილდელმა გლეხმა დათუნა ფეიქარმა, რომლის ცოლი მეფის სასახლეში ძიძად იყო გამწესებული. დათუნას დავალებული ჰქონდა ერეკლეს ოჯახის ამოწყვეტის მიზნით შეთქმულნი სასახლეში შეეყვანა.

დათუნა ფეიქარმა შეთქმულთა განზრახვა აღსარების დროს გაანდო მეფის კარის მღვდელ ქრიტესიას, რომელმაც ყველაფერი ერეკლეს უამბო.

15 დეკემბერს, რიყეზე, ანჩისხატის პირდაპირ, დამნაშავეთა სახალხო დასჯა შედგა.

მთავარ დამნაშავედ ცნობილ პაატა ბატონიშვილს თავი მოჰკვეთა ყულარაღასმა გიორგი რევაზის ძე ქსნის ერისთავმა.

დავით არჩილის (აბდულა-ბეგის) ძეს ხმლით თავი მოჰკვეთა მარტყოფელმა ნაზირმა ბარამ გურგენიძემ.

თავადი ელიზბარ თაქთაქიშვილი _ კოცონზე დაწვეს, გლახა ციციშვილს _ ენა მოაჭრეს, დიასამიძეს _ ცალი თვალი დათხარეს და მარჯვენა ხელზე ცერა თითი მოჰკვეთეს, სახლთუხუცესი დიმიტრი ამილახვარი საჯაროდ შეარცხვინეს (ვირზე შესმული ჩამოატარეს), ხოლო მის ძეს ალექსანდრეს ცხვირი მოჰკვეთეს და ფეხის ძარღვები გადაუჭრეს და ა. შ.

ალექსანდრე ამილახვრის ცნობით, მათი ერთი აზნაური, რომელმაც ძალდატანებით მიცემული პირვანდელი ჩვენება მოგვიანებით შეცვალა _ მოკლეს, ხოლო ელიზბარ თაქთაქიშვილის ვაჟს _ ხელი მოჰკვეთეს და თვალები დასთხარეს.

,,შეთქმულთა შორის, ზემოხსენებულთა გარდა, იყო ქართლის თავადაზნაურობის მრავალი სხვა წარმომადგენელიც, რომელთა ვინაობის შესახებაც თითქმის არაფერი ვიცით. ცნობილია მხოლოდ, რომ მათი მამულების ნაწილი მეფემ ნასისხლად აიღო" - წერს თავის ნაშრომში ნიკო ჯავახიშვილი.

ფოტოზე: ვახტანგ VI და სულხან საბა ორბელიანი


Print

სტატიის გამოყენების პირობები