სხვადასხვა
რა რეაქცია ჰქონდა ცხინვალელ ბლოგერს, როდესაც სოხთას ეკლესიის ნუსხური წარწერა დაინახა
ცხინვალელი ბლოგერი გურამ ქარსანთი ცხინვალის, ზნაურისა და ჯავის რაიონებში რუს ტურისტებს მეგზურობს. იგი პარალელურად ვიდეოებს იღებს და მაყურებელს სთავაზობს, რომ ესტუმრნონ ლამაზ მთებს.

ერთ-ერთი ასეთი ვიდეოს გადაღების დროს (2018 წლის გაზაფხულზე) გურამ ქარსანთი ჯავის რაიონის სოფელ სოხთაში იმყოფებოდა. კადრებში ჩანს სოხთის უძველესი ეკლესიის და გალავნის ნაშთები. ჯვრების, წმინდა გიორგის გამოსახულებიანი ქანდაკების და სხვა ორნამენტების გვერდით, გამოჩნდა ქვა ნუსხური წარწერით:

,,ეს რაღაც წარწერა, ჰო?“ - იკითხა ბლოგერმა.

ვიდეო ლიახვის ხეობის მუზეუმის თანამშრომელს, პაატა ბასიშვილს გავაცანით. მისი თქმით, ბლოგერს და მის ვიდოებს იცნობს, რადგან სწორედ ასეთი ვიდეოს ნახვისას მისი პაპის საფლავი აღმოაჩინა სოფელ ქურთაში.

,,მივიდა პაპაჩემის საფლავთან და ამბობს, რომ სამსონ ბასიშვილი ოსი მღვდელი იყო. გაგიჟდება კაცი“ - იცინის პაატა ბასიშვილი. მიუხედავად ამისა, აღნიშნავს, რომ ბლოგერმა ამით ფასდაუდებელ საქმე გააკეთა: დააფიქსირა დღეს არსებული სიტუაცია უძველესი ქართული სახელმწიფოს ძეგლებისა.

რაც შეეხება სოხთას, პაატა ბასიშვილი ამბობს, რომ უძველესი ციხის და ეკლესიის ნანგრევები ისეა, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ იყო.

,,აქ თავის დროზე იმყოფებოდა არქეოლოგიური ჯგუფი. ერთ ადგილზე იყო მოგროვებული მნიშვნელოვანი მასალა. კადრებიდანაც ჩანს, რომ იქ სიტუაცია იგივეა. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ის წარწერა, რაც კადრებში გამოჩნდა. მე სპეციალურად ამოვწერე წიგნიდან და გაგაცნობთ ამ წარწერის შინაარსს: სულსა, გიორგი, ქრისტე, შეიწყალე ივანე კალატოზის სული“ ეს წარწერა მე-10 საუკუნით თარიღდება“ - ამბობს პაატა ბასიშვილი.



ისტორიკოს იოსებ მეგრელიძის წიგნში, რომელიც ლიახვის ხეობის ძეგლები აღწერა საბჭოთა პერიოდში, წერია, რომ სოფელ სოხთაში ძირითადად ოსტაევები ცხოვრობდნენ. ის სოხთაში 1954 წელს იმყოფებოდა და ჩაწერა ადგილობრივი მკვიდრი იგკო ოსტაევი, რომელიც 84-წლის იყო.

,,იგკოს თქმით, გვარის წინაპარი იყო ოსიტაშვილი. იგი თიღვიდან მოსულა აქაო. თიღვაში ახლაც გვყავს ნათესავები. ერთ-ერთ ჩვენს წინაპარს, - დასძენს ოსიტაშვილი - რაჭაში ქალი მოუტაცებია, დასდევნებიან, მომტაცებელი მეორე დღეს მოუკლავთ და მის ცხენთან ერთად დაუსაფლავებიათო. მოტაცებულ ქალს შესძენია ვაჟი, რომელთათვისაც ბითი დაურქმევიათ. ბითის შვილები ყოფილან ჯიო, ქოქო, გასი, ოსტა და ქარსან. აქედან მოდის გვარები ჯიოშვილი, ქოქოშვილი, გასიტაშვილი, ოსიტაშვილი და ქარსანაშვილი. ოსტას ყოფილია გუჟი. გუჟი იყო პირველი ოსიტაშვილი. გუჟის შვილები იყვნენ ხივა, რევაზ, ზალო (ზაალ) და ლევან.“ - აღნიშნავს იოსებ მეგრელიძე.

სხვა თქმულებით, ოსტაევებს თავისი წინაპარი ს. გუფთიდან ყოლიათ. ნათესავებს წრუშიც ასახელებენ.

იგკო მუდამ სოხთაში ცხოვრობს. სოხთის ეკლესია იმ დანგრეულ მდგომარეობაში ახსოვს, რომელშიც ახლაა. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია აღარ იყო, დღეობა მაინც აღინიშნებოდა. იმავე სოხთაში, ეკლესიიდან დასავლეთით, ახალშენთის ჯვრის დღეობა 18 ივლისს აღინიშნებოდა. ამ ჯვრის ირგვლივ 50-60 ჰა ჯვრის ტყედ ითვლებოდა და მას არ ეხებოდნენ. იგკოსვე თქმით, ახალშენთაში შავი ჭირი გაჩენილა და მოსახლეობა აყრილა.

ასევე, არსებობდა გვირაბი, რომლითაც სოხთის ციხე წყაროს უკავშირდება. ამ გვირაბის წყალობით, ლეკების შემოსევის დროს, ციხეში გვირაბით წყალი აჰქონდათ. იგკოს მონათხრობით, ერთ-ერთი ქვის წარწერის ქვეშ დიდი განძი ინახება. რომც ვინმემ დაანგრიოს, იქ იმდენი ფულია, ახალი ციხე აშენდებაო.

ისტორიკოსი ბ. კუფტინი (მე-19 საუკუნე) ასახელებს მარიამ-ჟუარს (მარიამის ჯვარი) სოფელ მაირამში, რომელიც არის ქელეხსაევების სოფელი და თავისი სილამაზით ადარებს სოხთის ჯვარს.

პ.ს. ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ სოციალურ ქსელში ცხინვალელ ბლოგერს ერთ-ერთმა მოქალაქემ, გვარად ოსტაევმა დაუკომენტარა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დროს, ქართველმა ისტორიკოსმა მას ასეთი ამბავი მოუყვა: სოხთაში თამარ მეფემ და დავით სოსლანმა ქორწინების პირველი თვე გაატარეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები