სხვადასხვა
ამბავი ქვახვრელის განძისა
1978 წ. ქვახვრელის გამოქვაბულთა კომპლექსში შემთხვევით აღმოჩნდა ვერცხლის მონეტების (დირჰემების) განძი, სულ 46 ცალი, აქედან სახელმწიფო მუზეუმში მხოლოდ 10 ცალი ინახება. დანარჩენი დაიკარგა.

მონეტები აღმოჩენისას შეისწავლა ისტორიკოსმა მერი ანთაძემ. იგი თვლიდა, რომ მონეტები ბაგრატ III-ის პერიოდს ეკუთვნის. იმ დროს თბილისს ჯაფარიანთა არაბული დინასტია მართავდა. ბანუ ჯაფარი დაახლოებით IX საუკუნის 80-იან წლებში დამკვიდრდა და მისი მემკვიდრეები ორი საუკუნის მანძილზე ფლობდნენ.

მკვლევარებმა ვერცხლის მონეტები დაათარიღეს 1027 წლით. ნუმიზმატიკის სხვა მკვლევარები თვლიან, რომ მონეტები, უფლისციხის ზარაფხანაში, ხარკის გადასახდელად 980 წელს მოჭრეს.

ჯაფარიანთა მონეტებს მონეტის ცენტრში სამსტრიქონიანი არაბული ტექსტი აქვს: ,,არ არს ღვთაება გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, არ ჰყავს მას მოზიარე.“. მონეტის ცენტრში კი, ამშვენებს არაბული ლეგენდა: ,,მუჰამმადი მოციქულია ალლაჰისა“, რომელსაც გარს ქართული დაქარაგმებული ასომთავრული ზედწერილი შემოუყვება: ႵႤႠႣႤႡႢႰႲႠႴႾႦႧႠႫႤႴႤ (ქრისტე, ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე).



,,სწორედ ამ დროს, 980 წელს, უნდა მოეჭრა მას თავისი მონეტა ქართლის რეზიდენციაში – უფლისციხეში. ეს მონეტა ბაგრატს უფრო გვიან რომ მოეჭრა, მასზე სხვა ტიტულებიც დაფიქსირდებოდა, კერძოდ, კურაპალატი, მეფე ქართველთა, რანთა და კახთა.“ - წერს მკვლევარი.

ქვიშაქვის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, რომლის გარშემო ნასოფლარი ყოფილა, მოიცავს: სამრეკლოს, დერეფნებს, ეკლესიასა და ერდოიან სადგომებს. სამრეკლო კომპლექსის შესასვლელზე მოგვიანებითაა მიშენებული. საკურთხევლის კედლის ქვაზე ამოკვეთილი მხედრული წარწერა გვაუწყებს, რომ ეკლესიის მშენებლობა 1716 წლის 1 აპრილს დასრულებულა. წარწერა იმითაა საინტერესო, რომ მასში ქვახვრელის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი მონასტრადაა მოხსენიებული. ეკლესიაში სომხური წარწერებიცაა.







ქვახვრელი წყაროებში პირველად იხსენიება 975 წლისთვის, ქართლის ერისთავ იოანე მარუშის ძის მიერ დავით კურაპალატისათვის უფლისციხის გადაცემასთან დაკავშირებით.

975 წელს ქართლის ერისმთავარმა იოანე მარუშის ძემ უფლისციხის გასაღები დავით კურაპალატს სწორედ ქვახვრელში გადასცა. დავით კურაპალატმა უფლისციხეში დატოვა ბაგრატი. კურაპალატს ძე არ ჰყავდა და ბაგრატს შვილად ზრდიდა.

978 წელს ივანე მარუშის ძის მხარდაჭერითა და აქტიური მონაწილეობით ბაგრატი ადის ეგრის-აფხაზეთის სამეფო ტახტზე, ამის შემდეგ ბაგრატი ქართლში ბრუნდება, რათა «დაშლილნი საქმენი მოეგვარებინა.»

მეფის ცენტრალური ხელისუფლების მოწინააღმდეგე აზნაურებმა «იწინამძღვრეს ქავთარ ტბელი» და ბაგრატს მოღრისთან შეებრძოლნენ. ბაგრატმა დაამარცხა აზნაურები, რომელთაც მხარს უჭერდა დედამისი გურანდუხტი.  «მივიდა უფლისციხეს, აღიღო ციხე დედისაგან ... განაგნა ... საქმენი ქართლისანი» და აფხაზეთს დაბრუნდა.

«მატიანე ქართლისაჲ»-ს მიხედვით, ბაგრატ III (975-1014 წწ.) ქართლში გადმოდის ურჩ აზნაურებთან საბრძოლველად. თუმცა, ატენის სიონის ერთ-ერთი სომხური წარწერა გურანდუხტსაც ახსენებს.

ამ ვითარებას. წარწერაში პირდაპირაა მოხსენიებული, რომ ბაგრატი ქართველთა დედოფალს «შეედავა და ... ოფლიცხე დაიკავა.».

,,ჩანს, რომ ბაგრატისადმი ქართლის აზნაურთა წინააღმდეგობა გუარანდუხტ დედოფლის მიერ ამ უკანასკნელთა მხარდაჭერის გარეშე არ მომხდარა“ - წერს ისტორიკოსი დავით მინდორაშვილი.

დიდაზნაურთა დამარცხებისა და დედისაგან უფლისციხის დაბრუნების შემდეგ, ბაგრატმა გუარანდუხტი თავისთან, აფხაზეთში წაიყვანა , რითაც დედოფალს მოუსპო დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებისა და დიდაზნაურთა მხარდაჭერის საშუალება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები