სხვადასხვა
ოხერა და უფლის ციხე - 1920 წლის 20 თებერვლის მიწისძვრის ეპიცენტრში
,,მიწის ძვრა" - ასე ასათაურებს 1920 წლის 23 თებერვლის გაზეთი ,,ერთობა" სტატიას, რომელიც გორიდან ჩამოსული ამხანაგების ნაამბობს ეყრდნობა. ამხანაგები კი იმ ამბებს ყვებიან, რომელიც მათ გორის მიმდებარე სოფლებში საკუთარი თვალით ნახეს. qartli.ge-მ დღეს ერთ-ერთი იმ ოჯახის შთამომავალი იპოვა, რომელი ოჯახის შესახებაც რესპუბლიკის პრესა 99 წლის წინ შოკირებული წერდა.

ამონარიდი სტატიიდან:  ,,ხიდისთავი - ოხერა"

გორზე უფრო საშინელი ამბები დატრიალებულიყო ს. ხიდისთავში და ოხერაში. იქ ბევრი სახლი დანგრეული იყო. ისე მოულოდნელათ მომხდარი მიწის ძვრა, რომ ბევრს სახლიდან გამოსვლა ვერ მოუსწრია. მინისტრის ამხანაგთან ერთად დავიარეთ ეს ორი სოფელი და საშინელი სურათი გადაგვეშალა თვალწინ: რამოდენიმე სახლია დანგრეული. დანგრეული სახლის წინ ასვენია 5 გვამი, ყველა ერთი ოჯახის წევრი. ბევრ ადგილის ნანგრევებში მოსჩანს ყმაწვილი კაცის თავი, დანარჩენი ნაწილი ტანისა კი დამალულია ნანგრევებში, დედა მწარეთ სტირის, ქვითინებს, ხოლო ვერ მოუხერხებია შვილის გვამის გამოტანა. ასეთი გულშემზარავი და სევდის მომგვრელი სურათებით მოფენილია მთელი სოფელი.

ყველგან უბედურება, ყველგან საშინელება, ირგვლივ წივილ-კივილი, ქვითინი და ოხვრა მოისმის."

,,გორიდან მოსული ჯარისკაცების საშუალებით გამოტანილ იქნა ნანგრევებიდან დახოცილთა გვამები. სოფელ ხიდისთავში დახოცილია 35 სული, სოფელ ოხერაში კი, 13. ამ ორ სოფელში არც ერთი სახლია დარჩენილი ისეთი, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მერე იქ შესვლა. გადარჩენილი მცხოვრებნი გარეთ სიცივეში კანკალებენ და ნანგრევებს შეჰყურებენ სევდით და მწუხარებით მოსილნი, გონება დაკარგულნი.

შუადღის სამ საათზე 20 თებერვალს განმეორებით ინძრა მ
იწა. მიწის ძვრა ისეთი საშინელი სიძლიერით მოხდა, რომ ქალაქ გორში თითქმი ყველა შენობები დაინგრა. მსხვერპლი დიდია. სოფელ ხიდისთავში და ოხერაში უსაშინლესი ამბებია. რაც ღამით მიწის ძვრას გადაურჩა, ის დღისით 3 საათზე განადგურდა."



,,ჭირიანთ" ჩიტუაშვილების შთამომავლები დღეს - თამარ კვაღინიძის ნაამბობი.

გივი ჩიტუაშვილის ოჯახში 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ბავშვი. 7-სულიან ოჯახიდან მხოლოდ 3 გადარჩა. ერთ-ერთი გოგონა მოგვიანებით ნანგრევებში უპოვიათ. მთელი ცხოვრების მანძილზე მას სულ ,,შიშები" გაჰყოლია და ფსიქოლოგიური მდგომარეობა შერყევია.

ხიდისთაველებმა ამ ოჯახს ჭირიანთი შეარქვეს და იქვე სასაფლაოებთან დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ ცალკე სადღეგრძელოს ამბობდნენ. ამ ოჯახის რძალია თამარ კვაღინიძე, რომელიც ხიდისთავის სკოლაში პედაგოგად მუშაობს:

,,ეს ამბავი ჩვენი ოჯახისთვის დღემდე მძიმეა. იმ ღამით სახლში 7 ადამიანს ეძინა. მათ შორის იყო ჩემი დედამთილი. იმ პერიოდის ხალხიდან დღეს ცოცხალი აღარავინაა, თუმცა ჩვენს მეხსიერებაში რჩება" - ამბობს თამარ კვაღინიძე.



,,უფლის ციხე"

ციტატის დასაწყისი: - ,,გორიდან დაახლოებით 8 ვერსის მანძილზე (თფილისის მხარეზე) მდებრე სოფ. უფლის ციხე სრულიად განადგურებულია. სხვათა შორის, ნანგრევებში მოყვნენ ახალ-ჯვარნაწერები და ყველა სტუმრები, რომელნიც ქორწილზე იყვნენ.

სადგურზე აღმოჩნდნენ ამ სოფლის გლეხები, მათი გამოკითხვით გამოირკვა, რომ სოფელ უფლისციხეში დაუნგრეველი შენობა არ დარჩენილა. 125 კომლი გლეხი ცის ქვეშ არის დარჩენილი. მათი სარჩო-საბადელი ნანგრევების ქვეშ მოექცა.

ჯერ-ჯერობით 18 მკვდარი არის ნანგრევებიდან ამოღებული. ითხოვენ სანოვაგით დახმარებას და თავშესაფარს. მათივე სიტყვით, მთლად განადგურებულია მეზობელი სოფელი ქვახვრელიც, სადაც 150 კომლია მცხოვრები. ხუთამდე მკვდარი ამოუთხრიათ ნანგრევებიდან. ჯერ-ჯერობით არც ნივთიერი და არც საექიმო დახმარება არ მიუღიათ. მინისტრის განკარგულებით, დაუყოვნებლივ გაემგზავრა ამ ორ სოფელში სტუდენტთა ორი პატარა რაზმი. გავემართეთ გორისკენ.

სოფ. გრაკალში


ციტატის დასაწყისი: ,,დაახლოებით 4 საათზე ჩვენი მატარებელი თფილისიდან დაიძრა. გათენებისას მივადექით სადგურ გრაკალს, რომელიც მიწის ძვრისაგან საშინლათ დაზარალებულა. სადგურის წინა ნაწილი დაშლილია, აღმოსავლეთის მხარე სრულიად გამონგრეული. საშინელი უბედურებისაგან თავზარ დაცემული მუშა-მოსამსახურენი ერთ ფიცრულ ფარდულში შეკრუნჩხულან ცოლ-შვილიანათ გადარჩენილი საოჯახო ნივთებით. სიცივით გალურჯებული ბავშვები საცოდავათ ძაგძაგობენ და დაფეთებული თვალებით შეყურებენ კედლებს ქარის ყოველ შემობერვაზე. უნუგეშო სანახაობას წარმოადგენენ მათი მშობლებიც. უძინარი, გაციებულნი, შეშინებული სახეებით ადამიანთა ლანდს წარმოადგენენ. მიუხედავათ ამისა, ყველანი თავიანთ პოსტებზე დგანან და ამ ჯოჯოხეთურ პირობებში განაგრძობენ სამსახურის მოვალეობის შესრულებას.

სადგურს მოხუცებული უფროსი ყველას მოუწოდებს: მიშველეთ რამე, ვაგონი გამოგზავნეთ, რომ ტელეგრაფის აპარატი შიგ მოვათავსოთ და საშუალება მოგვეცით რკინის გზაზე ნორმალური მოძრაობა არ დაირღვესო."



საბოლოო შედეგი:

გორის მაზრაში პირველი ძლიერი ბიძგი 20 თებერვლის 02:55 საათზე აღინუსხა, ხოლო განმეორებითი - 14:45 საათზე. რიხტერის სკალით მიწისძვრის მაგნიტუდა (ადგილობრივი სიმძლავრე) 6,2 ერთეულს შეადგენდა (შედარებისთვის, 2002 წლის თბილისის მიწისძვრის მაგნიტუდა უდრიდა 4,6 ერთეულს), ხოლო მერკალის სკალის მიხედვით ინტენსივობა ეპიცენტრში 8-9 ბალს უტოლდებოდა. ყველაზე ძლიერი, 9-ბალიანი ბიძგები აღირიცხა გორიდან 3 კილომეტრში მდებარე სოფელ ხიდისთავში. გორში მიწისძვრის სიმძლავრე 8 ბალს შეადგენდა, ისევე როგორც გორის მაზრის სოფლების უმრავლესობაში.

სტატისტიკური კომისიის მონაცემებით, მიწისძვრამ მაზრაში შეიწირა 129 კაცის სიცოცხლე (სხვა მონაცემებით დაიღუპა 200-მდე), დაშავდა 661. სტიქიამ დააზარალა 7118 ოჯახი.

ქვემოთ ფოტოზე: ოხერას უბანი

Print

სტატიის გამოყენების პირობები