სხვადასხვა
სამხედრო მოსამსახურეებს ბინები გადასცეს

საქართველოს მთავრობის მეთაურმა თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან და გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან ერთად, ადგილზე მოინახულა სამხედრო დასახლებაში დასრულებული სამი საცხოვრებელი კორპუსი და დაჭრილი სამხედროების ოჯახებს ადაპიტერებული ბინების გასაღები პირადად გადასცა.

„მე ყოველთვის მითქვამს და მინდა გავიმეორო – ქვეყნისა და ხელისუფლების იმიჯი განისაზღვრება იმით, თუ როგორ ვზრუნავთ ჩვენს ჯარისკაცებზე, ჩვენს დაჭრილ გმირებზე, ვეტერანებზე და ა.შ. მიმაჩნია, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ – ეს არის ჩვენი პირველი ვალდებულება. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ. მინდა ვუთხრა ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომ მათ ჰქონდეთ ჩვენი იმედი, ვინაიდან ჩვენ გვაქვს მათი იმედი“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„საქართველოს მთავრობა და თავდაცვის სამინისტრო ჩვენი სამხედროების მიმართ ვალდებულებას ასრულებს. დღეს, სამხედროებს 87 ბინა ჩაბარდათ. აქედან 15 ჩვენი დაჭრილი სამხედროებისთვისაა ადაპტირებული. ეს არის სამსახურეობრივი ბინები. დაჭრილებს თბილისში უკვე გადაეცათ ბინები, მაგრამ ისინი აგრძელებენ სამსახურს გორის აკადემიაში და სჭირდებოდათ ადაპტირებული ბინები. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ იმ ვალდებულებებს, რომელიც ჩვენი სამხედროების წინაშე გვაქვს. იგეგმება ერთი კორპუსის მშენებლობა თბილისში. ასევე, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია დასავლეთ საქართველოში საბინაო ფონდი შეიქმნას. ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენ სამხედროებს ყველა საშუალება მივცეთ, რომ ოჯახები ჰყავდეთ გარანტირებული, ჰყავდეთ გვერდით და ისე ემსახურონ ჩვენ სამშობლოს. ეს, როგორც მთავრობის, ისე თავდაცვის სამინისტროს მთავარ მოვალეობად მიგვაჩნია“- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

ათივე სამხედრო მოსამსახურეს საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა თბილისში, ვარკეთილის სამხედრო ქალაქში უკვე აქვთ მიღებული. ვინაიდან ისინი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში განაგრძობენ მუშაობას, სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე მათ დროებით სარგებლობაში 10 გარემონტებული ბინა გადაეცათ.

სამხედრო დასახლებაში სამი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაა დასრულებული. 87 გარემონტებული ბინიდან 15 სპეციალურად მძიმედ დაშავებული (ამპუტირებული) სამხედრო მოსამსახურეებისთვისაა ადაპტირებული. საცხოვრებელი ბინები კეთილმოწყობილია და საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ავეჯითაა აღჭურვილი.

გორში სამხედრო დასახლების მშენებლობა 2007 წლის თებერვალში დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები რუსეთ-საქართველოს ომის დროს 2008 წლის აგვისტოში გაჩერდა. მშენებლობა 2013 წლის სექტემბერიდან განახლდა. ბინები ასევე, სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე გორის მეხუთე ქვეითი ბრიგადისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებს დროებით სარგებლობაში გადაეცემათ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები