სხვადასხვა
ISFED: წინასაარჩევნო დარღვევები შიდა ქართლში

,,გამოვლინდა არაუფლებამოსილი პირის წინასასარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის შემთხვევა. კერძოდ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისა და სპეციალისტის მიერ სამუშაო საათების განმავლობაში ერთი-ერთი კანდიდატის მხარდაჭერად ხელმოწერების შეგროვაში, ასევე მისთვის საჯარო მხარდაჭერაში გამოიხატა. საარჩევნო კოდექსის თანახმად, მხარდაჭერთა სიებზე მუშაობა, ასევე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატთა არჩევას, აგიტაციად ითვლება და მასში მონაწილეობის უფლება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სამუშაო საათებში ეკრძალებათ. „საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არა აქვს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს.

2014 წლის 17 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი – ზაზა გულიაშვილი იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. იგი ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც ამავე პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატად გეგმავს მონაწილეობას. გულიაშვილმა ახალსოფლის, მოხისისა და აგარის დასახლებაში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა. ასევე მოინახულა ახალსოფელში მცხოვრები უხუცესი მოქალაქე – ოლია პოლიკაშვილი და მას ფულადი თანხა, 100 ლარი, გადასცა.

9 მაისს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა გულიაშვილმა და სოც.სამსახურის უფროსმა ზაზა გაჩეჩილაძემ, ქარელის რაიონში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე მოინახულა და გამარჯვების დღე მიულოცა. „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის ინფორმაციით, ქარელის რაიონში მცხოვრებ 22 ვეტერანს ზაზა გულიაშვილმა პირადად გადასცა ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 აპრილის №641 განკარგულების საფუძველზე („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“) ცვლილება შევიდა მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებაში. იანვრის განკარგულების თანახმად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის სულ 2 914 241 (ორი მილიონ ცხრაას თოთხმეტი ათას ორას ორმოცდაერთი) იყო გამოყოფილი, აპრილის განკარგულების თანახმად ისინი 139 987 531 (ას ოცდაცხრამეტი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაშვიდი ათას ხუთას ოცდათერთმეტი) ლარს მიიღებენ.

გაზრდილ თანხას მიიღებს 57 მუნიციპალიტეტი სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის 10 აპრილის განკარგულება 2014 წლის 14 აპრილს შევიდა ძალაში. მიგვაჩნია, რომ არჩევნების ოფიციალურად დანიშვნამდე სულ რამდენიმე დღით ადრე მუნიციპალური პროექტებისათვის განკუთვნილი თანხების მნიშვნელოვანი ზრდა შეიძლება უკავშირდებოდეს არჩევნების მოახლოებას, აღქმულ იქნას, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული და ამომრჩეველთა 7 გულის მოგებას ემსახურებოდეს მიზნად. მითუმეტეს, როდესაც გაზრდილი ბიუჯეტით სხვადასხვა სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ხდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები