სხვადასხვა
დაბნეული კომისია – საუბნო სხდომაზე მმართველი პარტიის კანდიდატი ჩავარდა (Video)

15 მაისს გამართულ სხდომაზე საუბნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე კენჭი ორ კანდიდატს – თამაზ ბეშეკენაშვილს (საოლქოს წარმომადგენელი) და ნინო გარსევანიშვილს (პარტია ,,ქართული ოცნება”) უყარეს. 11 წევრიან უბანზე ხმები გაიყო 6:5-ზე. იმისათვის, რომ კანდიდატი თავმჯდომარე გახდეს, 7 ხმა ჭირდება. უბანზე იგივე კანდიდატებს შორის კენჭისყრა განმეორებით ჩატარდა, ამჯერადაც იგივე შედეგებით. რაკი თავმჯდომარე ვერ გამოირკვა, ვერც დანარჩენი წევრები (მოადგილე და მდივანი) აირჩიეს.

მომდევნო დღეს სხდომას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი დაესწრო. მალხაზ მირუაშვილმა კომისიის წევრებს აუხსნა, რომ თავმჯდომარედ გუშინდელი კანდიდატების დასახელება აღარ შეიძლებოდა. მან ასმათ პატარიძე შესთავაზა. მისი თქმით, გასულ, 2013 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ასმათ პატარიძე კომისიის თავმჯდომარე იყო და მოვალეობა პირნათლად შეასრულა. შეთავაზებული კანდიდატი დაასახელეს, კენჭისყრა უყარეს და ერთხმად აირჩიეს. მის მოადგილედ, ნინო გარსევანიშვილის წარდგინებით, კი პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი გაიყვანეს, საქმე მდივანზე მიდგა.

მდივნობაზე უარი ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა თქვა. ასევე უარი საოლქო კომისიიდან წარდგენილმა კიდევ ორმა კანდიდატმა განაცხადა. ბოლოს ისევ თამაზ ბეშკენაშვილზე შეჩერდა ყურადღება. მდივნის პოსტი უნდა დაეკავებინა ან საოლქო კომისიიდან წარდგენილს, ან კიდევ საპირისპირო, მოწინააღმდეგე პარტიის წარმომადგენელს.

უკვე არჩეულმა კომისიის თავმჯდომარემ ასმათ პატარიძემ საოლქო კომისიის თავმჯდომარეს უთხრა, რომ თამაზ ბეშკენაშვილს თავმჯდომარეობა უნდა და ,,ადგილს დავუთმობო”. ასეთ გაუგებრობაზე საოლქო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი გაღიზიანდა და უბნის კომისიის წევრებს უთხრა, რომ კამერების წინ ასეთი ქცევა საოლქო საარჩევნო კომისიის იმიჯს ლახავს.

,,თუ დღესაც ვერ მოახერხებთ საუბნო კომისიის ხელმძღვანელობის შემადგენლობის დაკომპლექტებას, მაშინ იძულებული ვიქნებით დისციპლინარული ზომები გამოვიყენოთ. აირჩიეს კანდიდატები და შემდეგში შეგეძლებათ უფლებამოვალეობების ერთმანეთში გადანაცვლება” – უთხრა მირუაშვილმა კომისიის წევრებს. თამაზ ბეშეკენაშვილი, რომელიც 15 მაისს თავმჯდომარედ ვერ აირჩიეს, 16 მაისს მდივნად გაიყვანეს.

სხდომის დამთავრების შემდეგ მალხაზ მირუაშვილმა 15 მაისს მომხდარი ფაქტის შესახებ ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, სხდომას 11-ვე წევრი ესწრებოდა და ვერაფერზე შეთანხმდნენ. მალხაზ მირუაშვილის წასვლის შემდეგ, კომისიის წევრებმა გვითხრეს, რომ გუშინ საერთოდ არ იმყოფებოდნენ სხდომაზე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები