სხვადასხვა
დაშლილი ისტორიული ხიდი უფლისციხეში
ასე გამოიყურება ხიდი, რომლის ადგილას, 1614 წელს, სომეხმა მღვდელმა, რამდენიმე ადგილობრივთან ერთად, ძველ ხიდს ფიცრები აჰყარა და შაჰ-აბასის მოლაშქრეებს გზა გადაუკეტა.

ამის შესახებ დეტალურად აღწერილია დავით მინდორაშვილის წიგნში ,,უფლისციხე შუასაუკუნეებში", გამოცემული 2008 წელს.

მინდორაშვილის თქმით, ეს შაჰ-აბასის ლაშქრობას უკავშირდება. საქართველოს ისტორიის ოფიციალურ სასწავლო წიგნებში კი, ,,გორის ხიდის" აყრის ამბავი 1609 წლით თარიღდება, თანაც ოსმალთა ლაშქრობის პერიოდში.

დავით მინდორაშვილს მიაჩნია, რომ ეს იყო არა ,,გორის ხიდი", არამედ ,,უფლისციხის ხიდი", საიდანაც მტკვრის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ გზა გორისკენ მიდიოდა. მტკვრის კალაპოტის სიგანე გორის სიახლოვეს ყველაზე მოკლე, სწორედ, უფლისციხესთან იყო.

ისტორიული ცნობა ბესარიონ კათალიკოსის წიგნის ,,მარტვილობა ლუარსაბისას" მიხედვით, შემდეგნაირად მოჰყავს:

«მუნცა იხილეს ხუცესი ერთი შორით უფლისციხელი სომეხი ველსა მას ზედა დოესისასა სრბით დევნა უყვეს რათა შეიპყრან და ასწავოს მათ გზაჲ თუ სადა იქცევის მეფე და ქართველნი. იხილა რაჲ ხუცესმან სიმრავლე იგი ლაშქართაჲ ივლტოდა სრბით მათგან და შეესწრა ჴიდსა ზედა უფლისციხისასა და იწყო შლად ჴიდისა მის და წყალთა შინაყრაჲ. მივიდ ეს თათარნიცა და მიჰკრფეს ჴიდსა
მას ზედა და ვერღარა უძლეს განვლად. კუალად უკუმოიქცეს და უკუმო ეფინნეს მუნვე ველსა მას დოესისასა»

საუბარი ეხება იმ ფაქტს, რომ ამ დროს ლუარსაბ მეფე ცხირეთში იდგა. შაჰ-აბასის ლაშქარი კი ქართლში შევიდა. კასპის რაიონის სოფელ დოესთან, ზედაველაზე უფლისციხელმა სომეხმა მღვდელმა ურიცხვი ლაშქარი დაინახა.

სასწრაფოდ, უფლისციხის ხიდისკენ გაიქცა და ადგილობრივებთან ერთად ხიდი აჰყარა.

მინდორაშვილის წიგნის მიხედვით, სპარსელები ხიდზე ვეღარ გადავიდნენ და გორიც გადაწვას გადარჩა.




1. ფოტო გადაღებულია 1970-იან წლებში. ეს ის პერიოდია, როცა ხიდზე მანქანები გადადიოდა. ამ დროს მის გვერდით ახალი ხიდის მშენებლობაა დაწყებული. ახალი აშენებული ხიდი პირველად ჩაინგრა და იქ მომუშავე მამა-შვილი დაიღუპა. შემდეგ, ხელახლა ააშენეს




2. ფოტო გადაღებულია ამჟამად


Print

სტატიის გამოყენების პირობები