სხვადასხვა
100 წლის წინ - ,,ბოლშევიკების აჯანყება გორში"
II ნაწილი

1918 წლის 4 თებერვალი. მასალა  ,,ამიერკავკასიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა ორგანიზაციის“ გაზეთ ,,ერთობადან“

I ნაწილში
ვწერდით, რომ გაზეთის ცნობით, ამიერკავკასიის სეიმის დროს, 1918 წლის 4 თებერვალს, ხაშურში ბოლშევიკებმა (სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია) აჯანყება მოაწყეს. არსენალიდან იარაღი დაიტაცეს და  მაზრაში თავადებს დაერივნენ. ისინი გლეხებს ეუბნებოდნენ, რომ 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, ამიერკავკასიის ხელისუფლებაში მოსული სოციალ-დემოკრატები (მენშევიკები) მემამულეებს გაურიგდნენ და, ამიტომ, არ აპირებენ თქვენთვის მიწების დარიგებასო.  სწორედ, იმ დროს ამოხოცეს ოსიაურში ვეზირიშვილების ოჯახის წევრები და სხვები. ამიერკავკასიის კომისარიატმა აჯანყების ჩასახშობად ხაშურში რაზმი (ასევე, ჯერ კიდევ წითელგვარდიელებად წოდებული) გაგზავნა. ხაშურის აჯანყების ჩახშობის შემდეგ მენშევიკებს შეატყობინეს, რომ ბოლშევიკები გორშიც აჯანყდნენ.


ბოლშევიკების პროვოკაციული გამოსვლა გორში

,,მივდიოდით და გვეგონა, რომ გორში მართლა მიტინგი იყო, მაგრამ გზაში სულ სხვა გავიგეთ. ტელეფონით შეგვატყობინეს, გორში აჯანყებაა და გვიშველეთო. მშვიდობიან მიტინგის მაგიერ ხოცვა-ჟლეტა და თოფების სროლა დაგვხვდა. გორის სადგურზე საღამოს მივედით.

სადგურზე შეგვეგება გორის რაზმი მაჩაბლისა და კეცხოველის მეთაურობით. ქალაქში გასვლა შეუძლებელი იყო, რადგან იქ ძლიერი სროლა იყო გაჩაღებული. ქალაქიდან ტელეფონით შეგვატყობინეს, გამხეცებულმა ბრბომ იარაღით ხელში კომისარიატის სადგომს, სადაც ყველა ორგანიზაციის წარმომადგენელს მოეყარა თავი, ალყა შემოარტყეს და ყოველ წუთს სიკვდილს და განადგურებას ველითო.

სადგომში იყო ოცი რაზმელი ერთი ტყვიამფრქვევით და იგერიებდა ბრბოს.  შემდეგ მაღაზიებს შეესიენ და ტეხა დაუწყეს ჯარისკაცებმა და ხულიგანებმა, რომლებიც კომისარიატზე იყვნენ გარშემორტყმული, ვეღარ გაუძლეს ცთუნებას და ზოგიერთები მაღაზიებისაკენ გაიქცნენ ნადავლის წამოსაღებად, ამიტომ მათი ძალა იქ ცოტათი შესუსტდა.

გორის სადგურზე აღმოჩნდა რამდენიმე შეიარაღებული ქართველთა პოლკის ჯარისკაცი და ფრონტიდან დაბრუნებული აფიცერი, რომელთაც ყუმბარები აღმოაჩნდათ. მათ შორის, ცნობილი ტერორისტი, ბოლშევიკი, მეტ სახელად ,,დავახეთქე“. ეს უკანასკნელი დავატუსაღეთ. დავატუსაღეთ კიდევ 11 სხვა. ზოგიერთებმა იქვე მთებში გაქცევა და დამალვა მოასწრეს.

გავამაგრეთ ხიდი და ბორანზე რაზმელები დავაყენეთ. ეს ამბავი თბილისში ვაცნობეთ და რაზმი გამოვიწვიეთ. 7 საათზე თბილისიდან და ხაშურიდან მოსულ წითელ რაზმელებით ქალაქში შევედით სამხედრო წესრიგით და კომისარიატი და საბჭო გავანთავისუფლეთ. საბჭოს წინ ქუჩა სისხლით მორწყულია, სჩანს მუქთად არ ჩაუვლია ბოლშევიკების პროვოკაციულ გამოსვლას და მათთვის ხარბათ სანატრელი სისხლი უკვე საკმაოთ დაღვრილა. რაზმის ნაწილმა საჩქაროთ ციხე დაიჭირა და ქალაქის სხვადასხვა სტრატეგიულ ადგილებზე გამაგრდა.

ცოტა ხნის თათბირის შემდეგ ალყა შემოვარტყით ცხენოსან ჯარის ყაზარმას. როცა ქალაქში და ახლომახლო ხმა გავარდა წითელგვარდიელები მოვიდნენო, მცხოვრებნი აღრთოვანებით შეგხვდვნენ და თვით დაუწყეს საეჭვო პირებს დაჭერა და იარაღის აყრა. 11 საათზე ცხენოსანთა ჯარი დაგვემორჩილა და დელეგაცია გამოგვიგზავნეს. - იარაღს ვყრითო.

შევედით ყაზარმაში და ჩავიბარეთ 33 ვინტოვკა და 3 ყუთი პატრონა. 15 კაცი გაქცეულიყო და თოფებიც თან წაეღოთ. ჯარისკაცებმა განაცხადეს, სირცხვილი გვაჭამეს და ასეთი სამარცხვინო საქმე ძალით ჩაგვადენინეს, ჩვენ ეს არ გვინდოდაო. შემდეგ შევიმუშავეთ გეგმა, როგორ აგვეღო არსენალი და სხვა ყაზარმები, რომლებიც ქალაქზე მოშორებით გორაკზე არის. შემოვარტყით ალყა. 1 საათზე დელეგაცია გამოგვიგზავნეს. დელეგაცია მეტად თავხედად იქცეოდა და რაღაც პროტესტის მაგვარიც კი გამოგვიცხადა, რომ ეს ძალადობაა და ამის საბუთი ჩვენ არ მიგვიციაო. ჩვენ მათ სიტყვებს აბა რა ყურადღებას მივაქცევდით, მივაყენეთ ყაზარმებზე ტყვიამფრქვევები და კატეგორიულად მოვსთხოვეთ იარაღის დაყრა.

დაგვნებდნენ, მეტი რა ჩარა ჰქონდათ. შევედით ყაზარმებში და ავყარეთ იარაღი. გაქცეულ ჯარისკაცებს ქალაქის განაპირას ვიჭერდით და იარაღს ვყრიდით. ყაზარმაში მოიტანეს ნაძარცვი საქონელი. ავყრეთ 500 თოფი, პატრონებით. საღამოს კომისარიატის მიერ არჩეულმა კომისიამ ჩაიბარა არსენალი. ხაშურის და თფილისის რაზმმა დასტოვა იქ საკმაო ძალა და გამოემგზავრა.

არსენალიდან წამოსულ რაზმელებს ქალაქში აუარებელი ხალხი შეეგება და აღტაცებული მადლობას უხდიდა დახსნისთვის თვალ ცრემლიანი ქალები და ბავშვები უკან მისდევდნენ და მისძახოდნენ ,,ჩვენო მხსენებლოო“. საბჭოსთან ხალხი წითელ დროშებით და მარსელიეზის სიმღერით დაუხვდა. გაიმართა დიდი მიტინგი. ხალხმა ფიცი დასდო, სიცოცხლეს არ დავიშურებთ რევოლუციის გასამაგრებლად და წესრიგის დასაცველათო. რაზმი სიმღერით სადგურისკენ გაემართა. გუბერნიის კომისარიატი და დელეგაციის ნაწილი სოფლებში გაემგზავრა ყაჩაღების ასალაგმავათ. უბრალოთ, სისხლის ღვრის მოსასპობათ და წესრიგის დასამყარებლათ.

ასე, საგანგებოთ შეასრულა ს.დემოკრატიული პარტიის მიერ გაგზავნილმა დელეგაციამ თავის წმინდა მოვალეობა და თავდადებული და გადაჭრილი ზომებით დაწყებისთანავე ბოლო მოუღო ბოლშევიკების მიერ გორში გამოწვეულ პროვოკაციულ გამოსვლას და გადაარჩინა მცხოვრებნი ხოცვა-ჟლეტას და სისხლის ღვრას.“

---------------------------------------------

საქართველო 1917 წლის რევოლუციიდან 1918 წლის 28 მაისამდე

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვებისთანავე ამიეკავკასიაში უფლებამოსილება შეწყვიტა რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დანიშნულმა სამხაეო ორგანომ - ოზაკომმა. ქართველი სოციალ-დემოკრატების (მენშევიკები) ძალისხმევით, ვიდრე საბჭოთა მთავრობა (ბოლშევიკები) ამიერკავკასიაში თავისი ძლაუფლებას გაავრცელებდა, ამიერკავკასიის პოლიტიკურმა ძალებმა შექმნეს სამხარეო ხელისუფლების ორგანო - ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელმაც ფუნქციონირება 1917 წლის 15 ნოემბერს დაიწყო. ამიერკავკასიის კომისარიატი შეიქმნა თბილისში საქართველოს სოციალ-დემოკრატების (მენშევიკების) და ესერების, სომეხი დაშნაკებისა და აზერბაიჯანელი მუსავატების მიერ.

1918 წლის 10 (23) თებერვალს, ოფიციალურად ჯერ კიდევ რუსეთის შემადგენლობაში, ამიერკავკასიის კომისარიატმა მოიწვია ამიერკავკასიის სეიმი, რომელიც რუსეთის დამფუძნებელი კრებისათვის არჩეული ქართველი დეპუტატებისაგან შედგებოდა.
სეიმში ჩამოყალიბდა სამი ფრაქცია: • სოციალ-დემოკრატები ( მენშევიკები) — 32 წევრი; • მუსულმანთა ფრაქცია (მუსავატელები და უპარტიოები) — 50; • დაშნაკების ფრაქცია — 27;

ამიერკავკასიის სეიმის 22 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა — ეს იყო კონფედერაციული რესპუბლიკა, რომელმაც 1918 წლის აპრილ–მაისში იარსება; მასში შედიოდნენ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები