ახალი ამბები
წითელი ჯვრის დახმარებით სოფელ ატოცში შვიდმა ოჯახმა ყვავილების სათბური მოაწყო
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, რომელიც გამყოფ ხაზთან მდებარეობს, დიანა შუბითიძემ ყვავილების სათბური მოაწყო.

7 ოჯახი გაერთიანდა და წითელი ჯვრის მიერ გამოცხადებულ პროექტის ფარგლებში დაფინანსება მიიღო.

რამდენიმე ხნის წინ, უხარისხო შხამ-ქიმიკატების შეწამვლით ყვავილები დაზიანდა. წითელი ჯვრის მიერ დაქირავებული აგრონომები ადგილზე ჩავიდნენ და დიანა შუბითიძეს მდგომარეობის გამსწორებაში მიეხმარნენ.

,,შხამ-ქიმიკატებს ხან გორში ვყიდულობთ, ხან ქარელში, თბილისშიც გვიყიდია. სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა ისეთი ხარისხის, როგორიც უნდა ყოფილიყო" - ამბობს დიანა შუბითიძე.

სათბური  ,,წითელი ჯვრის’’ პროექტით, 2015 წლის დეკემბერში გაკეთდა.  

,,ორ ნაწილად დაგვაფინანსეს და,  მთლიანად, 15 ათასი ლარი შეადგინა. ამ თანხით დამონტაჟდა წვეთოვანი სისტემა, გამოიცვალა რკინის კონსტრუქცია და დამონტაჟდა უჟანგი ალუმინის კონსტრუქცია." - ამბობს სათბურის მეპატრონე. იგი ამავე დროს ატოცის სკოლის პედაგოგია.

,,ყვავილის რეალიზაციაზე არ მაქვს არანაირი პრობლემა. ყოველთვის მყავს მე ჩემი მომხმარებელი. დღესაც მივიღე ყვავილზე შეკვეთა, მაგრამ სამწუხაროდ ის რაოდენობა არ არის, რამდენიც უნდოდათ. რეალიზაციას ვახდენთ გორში, ხაშურში, ქარელში და ბორჯომში. სათბური ჩემთვის უცხო არ არის, წლების განმავლობაში მქონდა და ვიცი, როგორ უნდა მოვუარო ყვავილს, ამიტომაც ავიღე ამხელა პასუხისმგებლობა ჩემ თავზე. წინა წლებში სათბურში მომყავდა ჰოლანდიური ტიტა, ასევე მქონდა პომიდვრის პარნიკი. მცენარეებთან ურთიერთობა შემიძლია და გამომდის.’’ - ამბობს დიანა შუბითიძე.


Print

სტატიის გამოყენების პირობები