ახალი ამბები
რატომ წაიღო უკან დეპუტატობის კანდიდატმა მაზნიაშვილის ბიუსტი
კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი დადგმიდან სამი დღის შემდეგ აიღო.

ამის შესახებ პირველად ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს. '

ადგილზე ჩასულ ჟურნალისტებს საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ კვარცხლბეკი დახვდა.

დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ ბიუსტს მას შემდეგ დააბრუნებს, როდესაც დოკუმენტაციას წესრიგში მოიყვანს.

გენერალ მაზნიაშვილის ბიუსტი ვახტან ბეჟიტაშვილმა საკუთარი სახსრებით დაამზადა. 9 სექტემბერს თანაპარტიელებთან და რამდენიმე ადგილობრივ მცხოვრებთან ერთად, მუნიციპალიტეტის კუთვნილ მიწაზე დადგა. გახსნის ცერემონიაზე ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანიაც ჩავიდა.

როგორც ბეჟიტაშვილი ამბობს, ბიუსტის დადგმის თაობაზე კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ინფორმირებულნი იყვნენ, თუმცა ანსამბლი ,,მაჩაბელა" (გამგეობის დაფინანსების ქვეშ მყოფი გუნდი) გახსნაზე დასწრების ნებართვა არ მისცეს. არც აპარატურა გაუგზავნეს.

პარალელურად, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ბეჟიტაშვილი გააფრთხილა, უნებართვო საქმიანობის გამო, დაჯარიმდებოდა.

,,მე მათ ვუთხარი, რომ ძეგლი დავდგამდი, ხოლო, შემდეგ საჭირო პროცედურების გავლამდე დროებით მოვხსნიდი. მიუხედავად ამისა, ერთი საჯარო მოხელეც კი არ მოვიდა" - ამბობს ბეჟიტაშვილი.

გარდა იმისა, რომ მონუმენტი უნებართვოდ დაიდგა და 200 ლარიანი ჯარიმა დადგმის ავტორს ემუქრებოდა, გამგეობის წარმომადგენლები ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნას აპირებდნენ, რაც 10-ჯერ მეტი თანხის ოდენობით, 2 ათას ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილ მიწაზე ძეგლის დადგმას კონკურსის გამოცხადება ჭირდება.

,,თქვენ ხომ ნახეთ მონუმენტი? ისე იყო გაკეთებული, რომ ქარი წააქცევდა" - განმარტვს გამგებელი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები