ახალი ამბები
ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის ტურნე ფრანკფურტიდან დაიწყო
მომღერალ ქეთი მელუასა და გორის ქალთა კამერული გუნდის ერთობლივი კონცერტები ევროპაში უკვე დაიწყო.

პირველი გამოსვლა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის საკონცერტო დარბაზში 28 ოქტომბერ შედგა.

კადრები საკონცერტო დარბაზის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი და გორის ქალთა კამერული გუნდი ევროპის საკონცერტო დარბაზებში იმ სიმღერებს ასრულებენ, რომელიც ქეთი მელუას ახალ ალბომშია შესული.

ეს ალბომი სახელწოდებით ,,'In Winter'" (ზამთარში) დიდ ბრიტანეთში ალბომების ტოპ-ათეულში მოხვდა.

ევროპული ტურნე 28 ოქტომბერს გერმანიიდან დაიწყო, გაგრძელდება საფრანგეთში, ბელგიაში, დანიაში, პოლონეთში და 3 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში, (კერძოდ, ლონდონის შემდეგ შოტლანდიაში) დასრულდება.

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი გორის ქალთა გუნდთან ერთად კონცერტებს გამართავს ფრანკფურტში, ნიურნბერგში, მიუნხენში, უტრეხტში, დიუსელდორფში, პარიზში, კიოლნში, ოლბურგში, კოპენჰაგენში, ვროცლავში, ტორუნში, ბერლინში, ჰამბურგში, ბაზელში, ციურიხში, ბრიუსელში, გუილდფორდში, ბრისტოლში, საუთჰემპტონში, ლონდონში, ლივერპულში, ბირმინგემში, მანჩესტერში და გლაზგოში.


 


Print

სტატიის გამოყენების პირობები