ახალი ამბები
ვლადიკავკაზიდან ჩასული დიდი ხნის უნახავი შვილი ერთხელ დედამ ვერ იცნო
სოფელ თვაურებში სურეთა და ბორის ვანიშვილები მარტო ცხოვრობენ. 

შვილები და შვილიშვილები მხოლოდ სანახავად ჩადიან. მათთვის განსაკუთრებით სასიხარულო ის დღეა, როდესაც ვლადიკავკაზში საცხოვრებლად წასული ვაჟი მობლებს ესტუმრება.

,,ერთხელ აზერბაიჯანის გზით ჩამოვიდა, ავად ვიყავი მაგ დროს. მოვიდა სანახავად და ვეკითხები სხვას, ვინ არის ეს ბიჭი - მეთქი" - იხსენებს სურეთა ვანიშვილი.

ვაჟის შვილები კი,  შესაძლოა, წელიწადში ერთხელ ნახონ. სურეთა და ბორის ვანიშვილების შვილიშვილებმა თავიანთ სფეროში წარმატებებს უკვე პეტერბურგშიც მიაყენეს.

,,სამი შვილი მყავს. ორი გოგო და ერთი ვაჟი. ერთი გოგო აქვე ახლოს სოფელ ვაკეში დაოჯახდა, მეორე გოგო - რუსთავში. ვაჟი კი, არეულობის დროს გავარიდეთ და წლებია უკვე ვლადიკავკაზში ცხოვრობს. მისი ჩამოსვლა ძალიან მიხარია ხოლმე, მაგრამ როცა მიდის, თითქოს ყველაფერი მწყდება." - ამბობს სურეთა ვანიშვილი.

ის თვაურებში სოფელ მუხრანიდან გაათხოვეს. იხსენებს, რომ ოსური ქორწილი გადაუხადეს. ძველი ფოტოები დიდხანს ეძებეს ალბომში, მაგრამ ფიქრობენ, რომელიმე შვილის საოჯახო ალბომში იქნება წაღებული.

ვლადიკავკაზში მცხოვრები შვილი ადრევე ეუბნებოდა მშობლებს, რომ მასთან ჩრდილოეთ ოსეთში გადასულიყვნენ საცხოვრებლად, მაგრამ ვერაფერს გახდა.

,,ეს სახლი იცი რა არის?" - ამბობს ბორის ვანიშვილი - ,,ამის გარეშე ვერსად ვძლებ"

,,სულ ეგრეა" - საუბარში მისი მეუღლეც ერთვება - ,,სადმე რომ მივდიოდით სტუმრად, იმ საღამოს არსად რჩებოდა. თბილისშიც რომ ვყოფილვართ ახლობლებთან, არ რჩებოდა. მე ჩემ სახლში მინდა ყოფნაო' - ამბობს სურეთა ვანიშვილი. თან ხუმრობით ასკვნის: ,,ხედავთ, მე ამისთვის ვზრუნავ, ეს კი თავის სახლსაა გადაყოლილი" 


Print

სტატიის გამოყენების პირობები