ახალი ამბები
ვლადიკავკაზიდან დაბრუნებულმა ოჯახმა ბიძაშვილებს სახლი დააცლევინა
ვლადიკავკაზში მცხოვრებმა ანზორ ვანიშვილმა ბიძაშვილის ოჯახი საცხოვრებელი სახლიდან გაასახლა. 

ლამარა ვანიშვილი, ოჯახის წევრ შვიდ სულთან ერთად, საცხოვრებლად, ამჟამად, მამამთლის ძველ, თითქმის დანგრეულ სახლში გადავიდა. 

ეს ამბავი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვითში ხდება. დასახლება გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს.

ანზორ ვანიშვილი ვლადიკავკაზში, გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს წავიდა.

2006 წელს ბიძაშვილი ტელეფონით დაუკავშირდა და სახლის ყიდვა შესთავაზა. ბიძაშვილები გარკვეულ თანხაზე მორიგდნენ. 10 წლის განმავლობაში თანხის გადახდა ნაწილ-ნაწილ ხდებოდა.

ანზორ ვანიშვილი სოფელში 2012 წელს დაბრუნდა და ბიძაშვილებს უთხრა, რომ ის ფასი, რაზეც 2006 წელს შეთანხმდნენ, ამჟამად, ,,ჩალის ფასია". ამიტომ, უარი განაცხადა გაყიდვაზე და სახლის დაცლა მოსთხოვა.

პოლიციაში დაწერა, რომ ბიძაშვილებისგან მხოლოდ 1500 დოლარი აქვს აღებული. ამჟამად, სახლის ფასი, მისი აზრით, 8-10 ათასი დოლარია.

ლამარა ვანიშვილი ამბობს, რომ ანზორ ვანიშვილს 4 ათასი დოლარი, შეთანხმებისამებრ, გადაუხადა, თუმცა, ამას ვერ ამტკიცებს, რადგან თანხის გადაცემის დროს დოკუმენტი არ შედგენილა.

ანზორ ვანიშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან სატელეფონში საუბარში აცხადებს, რომ ბიძაშვილებს 1500 დოლარსაც არ დაუბრუნებს, რადგან სახლი დააზიანეს. ფაქტობრივად 10 წლიან ქირის თანხაში უთვლის.

ლამარა ვანიშვილის ოჯახი ამჟამად სოციალურ დახმარებას ითხოვს. რეპორტაჟში მისი ყოფაა აღწერილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები