ახალი ამბები
საიას კვლევა გორში პროკურორმა უკომენტაროდ მიიღო
შიდა ქართლის პროკურატურის პროკურორი მორის ჩუბინიძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშს ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ უხმოდ უსმენდა.

წარმატებული მუშაობის გამო მთავარი პროკურორისგან დაჯილდოებულმა პროკურორმა შეხვედრაც უკომენტაროდ დატოვა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა გიორგი ხატიაშვილმა სასამართლოებში სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის შედეგები წარადგინა.

ანგარიშის მიხედვით, ზოგჯერ, ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე მოსამართლეები ადეკვატურად არ აფასებენ არსებულ საფრთხეებს და ბრალდებულებს დაუსაბუთებლად ლმობიერ აღკვეთის ღონისძიებებს უფარდებენ. კერძოდ, შეფარდებული გირაოს 10 შემთხვევიდან 2 (20%) იყო დაუსაბუთებლად ლმობიერი.

ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის არცერთ შემთხვევაზე პროკურორს დისკრიმინაციული მოტივი არ გამოუკვეთავს. თუმცა, ზოგჯერ, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე იკვეთებოდა, რომ ბრალდებულის ქცევა განპირობებული იყო გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მოსამართლეთა, პროკურორთა და ადვოკატთა მხრიდან, ცალკეულ შემთხვევებში, დაფიქსირდა სტერეოტიპული, სტიგმის გამომხატველი და არაეთიკური ქცევა მოწყვლადი ჯგუფებთან (ქალები, უცხოელები და ა.შ.) მიმართებით.

მნიშვნელოვნად გაიზარდა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების პროცენტული მაჩვენებელი გირაოს გამოყენების შესახებ, თუმცა, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მცირედით შემცირდა პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენების გადაწყვეტილებები. აგრეთვე, განსაკუთრებული ხარვეზებია პროკურორის მიერ გირაოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში.

თითქმის ყველა შემთხვევაში, პროკურორი ისე ითხოვდა ბრალდებულისათვის გირაოს შეფარდებას, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში კი გირაოს მოთხოვნილი ოდენობის დაკმაყოფილება სასამართლოს მიერ პატიმრობის ტოლფასი შეიძლება გახდეს.

საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე სასამართლოს ჯეროვანი კონტროლის განხორციელების თვალსაზრისით მდგომარეობა გაუარესებულია. მოიმატა შემთხვევებმა, როცა მოსამართლე არასრულად უმარტავს ბრალდებულს უფლებებს და სასჯელის კანონიერებისა და სამართლიანობის შეფასებას ნაკლებ ყურადღებას უთმობს. წინა საანგარიშო პერიოდისაგან განსხვავებით, მოსამართლემ ყველა შემთხვევაში დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება.

ცალკეულ შემთხვევებში, მოსამართლე დაინტერესდა ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობით და გამოარკვია, ჰქონდა თუ არა მას ჯარიმის გადახადის შესაძლებლობა.

აღნიშნული მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები