ახალი ამბები
სამთავისსა და ქვემო ჭალაში შობას წლებია ალილოს გარეშე აღნიშნავენ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში რამდენიმე წელია ქრისტეშობის დღესასწაულს, ალილოს მსვლელობის გარეშე, ხვდებიან.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს ადგილობრივებმა განუცხადეს.

მიზეზად ისინი სოციალურ სიდუხჭირეს ასახელებენ. ორივე სოფელი ისტორიულია.

სამთავისში მაცხოვრის ამაღლების ტაძარი დგას, იქვეა დედათა მონასტერი. სოფელ ქვემო ჭალაში კი, ამილახვრების რეზიდენციაში ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაა.

,,20-25 წლის წინ მოხუც მამაკაცთა ანსამბლი ჩამოდიოდა ჩვენ სოფელში" - იხსენებს ქვემო ჭალის მკვიდრი თინა გახელაძე.

ამ ანსამბლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას სოფლის კულტურის სახლის ყოფილი თანამშრომელი ზიზიკო შუღლიაშვილი ფლობს.

,,ეს ანსამბლი 1975 წელს ჩამოყალიბდა. ერთერთი წევრი ჩვენი სოფლელი იყო. ჩამოდიოდნენ ყოველ დღესასწაულზე და სიმღერ-სიმღერით დადიოდნენ სოფელში, მიდიოდნენ მერე სამთავისში. ასრულებდნენ, როგორც საშობაო, ასევე, სხვა სიმღერებს, იყო დიდი სიხარული მთელ გზაზე" - იხსენებს ზიზიკო შუღლიაშვილი.

ამ ანსამბლის შემდეგ ტრადიციას სკოლის მოსწავლეები აგრძელებდნენ.

,,ჩვენს მოსწავლეებს ვასწავლიდით საშობაო სიმღერას, ,,25 დეკემბერსა, ქრისტე იშვა ბეთლემსაიო", დადიოდნენ ალილოზე, აგროვებდნენ პროდუქტებს და მიჰქონდათ გაჭირვებულებთან" - გვითხრა კულტურის სახლის ყოფილმა თანამშრომელმა.

სოფელ სამთავისის ეკლესიაში შობის ღამეს წირვა-ლოცვა აღევლინება, მთელი რაიონის მასშტაბით მრევლი იკრიბება. ღამის თევის შემდეგ კი, ჭიშკარი იკეტება. მთავარ ეკლესიაში ამჟამად დედათა მონასტერი ფუნქციონირებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები