ახალი ამბები
აჩაბეთელი მრავალშვილიანი ოჯახი საცხოვრებლად კოტეჯიდან ნიქოზში გადავიდა
სოფელ ნიქოზში ქეთო გვარაძის სახლში ცხოვრება დილით ხმაურით იწყება.

შვილიშვილები იღვიძებენ. მათგან ზოგი სკოლისკენ წასასვლელად ემზადება.

ბავშვების დედა პელაგია გვარაძე საბავშვო ბაღში მიდის, მზარეულად მუშაობს.

მამა ნაკვეთში სამუშაოდ ეშურება.

უფროსი ვაჟი ცხინვალისა და ნიქოზიის ეპარქიის მეუფემ ისაიამ მონათლა. მისი წყალობით ის სასულიერო სემინარიაში თბილისში ვოკალის ჯგუფში გაგზავნეს სასწავლებად.

უფროსი შვილიშვილი კი, ეპარქიასთან არსებულ საკვირაო სკოლაში სწავლობს. ასევე, ნიქოზის ანიმაციურ სტუდიაში ხატვის ხელოვნებას გადის.

ბებია ქეთო გვარაძე კი, გულდამძიმებულია. მისი და ცხინვალში ცხოვრობს, რომელიც ავადაა.

,,ტელეფონზეც უკვე ვეღარ მელაპარაკება. სულ ორ ნაბიჯზეა ჩემგან, მაგრამ ვერ ვნახულობ. თუ ვრეკავთ, რძალი გვპასუხობს. ოთხი ხუთი წლის წინ მოახერხეს თბილისში ჩამოსვლა, ვლადიკავკაზის მხრიდან, მას მერე არ მინახავს" - თვალცრემლიანი გვიყვება ქეთო გვარაძე.

დეიდის ამბავს პელაგია გვარაძე ინტერნეტით დეიდაშვილებისგან იგებს.

,,ფეისბუქზე ვწერთ ხოლმე დეიდაშვილებს. მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებთ დაკავშირებას. ინტერნეტის პრობლემაა სოფელში" - ამბობს პელაგია.







ფოტოზე: ქეთო გვარაძე დასთან ერთად, რომელიც ცხინვალში ცხოვრობს

იგი კარალეთის დევნილთა დასახლებიდან , მეუღლესთან და შვილებთან ერთად, დედის სახლში გადავიდა საცხოვრებლად.

6 შვილს ამჟამად სოფელ ნიქოზში, მშობლიურ სახლში ზრდის.

დიდი ლიახვის ხეობის  სოფელი აჩაბეთი, 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს დატოვეს.

იმ პერიოდში ოთხი შვილი ჰყავდათ. დევნილობაში ცოლ-ქმარს კიდევ ორი შვილი შეემატათ.

,,ჩემი მეუღლე თედეევია. სოფელში მუშაობს, მეურნეობას მისდევს. კოტეჯში შეუძლებელი იყო ამდენი ადამიანის ცხოვრება. დედასთან გადმოვედით საცხოვრებლად" - ამბობს პელაგია გვარაძე.

ის სოფლის საბავშვო ბაღში დასაქმდა მზარეულად. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან თითო ბავშვზე წელიწადში 200 ლარიან დახმარებას იღებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები