ახალი ამბები
ხეობელები ,,ბერლინის ხეივანში" (PHOTO/VIDEO)
გიორგი ზოზიაშვილი დიდი ლიახვის ხეობის სოფელ თამარაშენში ცხოვრობდა.

მისი საცხოვრებელი სახლი და ვენახი, რომელიც ოჯახთან ერთად, 2008 წელს მიატოვა, განადგურებულია.  

ამჟამად, ვერხვების დევნილთა დასახლებაში ,,ბერლინის ხეივანთან" ცხოვრობს.

კოტეჯის წინ ვაზი დარგო. ამბობს, რომ ქართველი კაცი ვენახის გარეშე ვერ ძლებს.

,,სტუმარი რომ მოგივა, საკუთარი ღვინით ხომ უნდა გაუმასპინძლდე? მეც გადავწყვიტე, აქ მეხარებინა ვაზი" - ამბობს გიორგი ზოზიაშვილი.



,,ბერლინის ხეივანი" გალამაზებულია. მის გარშემო კოტეჯებია გაშენებული. ეს სახლები გერმანიის მთავრობის დახმარებით 2009 წელს აშენდა და დევნილთა ყველაზე კარგ დასახლებად ითვლება.

350-მდე კოტეჯიდან 63 საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია.

ასეთ დაზიანებულ სახლში ალექსანდრე კაპანაძე ცხოვრობს. მოხუცი კაცი ფრონეს ხეობის სოფელ ავნევიდანაა დევნილი. 5 წლის წინ მეუღლე გარდაეცვალა.

პროფესიით მშენებელია და კარგად იცის, კოტეჯის დაზიანების მიზეზი.

,,სარდაფში რომ ჩავედი, ვნახე, რომ საძირკველი რკინის არმატურის გარეშეა გაკეთებული. აქ ადრე სამხედრო პოლიგონი იყო და, როგორც ჩანს, ტანკებს ჰქონიათ გათხრილი. მშენებლობის დროს, მხოლოდ, მიწა მიაყარეს და ისე გააკეთეს საძირკველი. დროთა განმავლობაში, ამ მიწამ დაიწია და კედლებიც დააზიანა" - ამბობს ალექსანდრე კაპანაძე.



ალექსანდრე კაპანაძე ამბობს, რომ თუკი მთავრობა სამშენებლო მასალით დაეხმარება, საკუთარი ცოდნით და გამოცდილებით გამოცვლის კედლებს და გაამაგრებს საძირკველს, ასევე - სახურავს.



,,ბერლინის ხეივანთან" დიდი და პატარა ლიახვის, ასევე, ფრონეს ხეობებიდან დევნილები ცხოვრობენ. რეპორტაჟის მომზადების დროს ქურთას მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა დასახლებაში ფქვილი მიიტანეს.

150-მდე ტომარა ფქვილი ადმინისტრაციული შენობის წინ დააწყეს. დასახლებაში კი, 300-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.

ქურთას მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამბობს, რომ გამგეობის კეთილი ნებით, ამ ფქვილს დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილებს დაურიგებენ.

,,როგორც ვიცი, სხვა მუნიციპალიტეტების გამგეობებიც, ერედვისა და ავნევის მუნიციპალიტეტებიც დაეხმარება თავიანთ ოჯახებს" - ამბობს გონერი ზუბაშვილი.





Print

სტატიის გამოყენების პირობები