ახალი ამბები
ბაქოში ავარიის შემდეგ გორის მოსწავლეებმა ექსკურსია გააგრძელეს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოში გორელმა მოსწავლეებმა ექსკურსია გააგრძელეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ბაქოდან აცნობეს. ტურისტული კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, ავარიის შემდეგ, საქართველოში მხოლოდ მძღოლი დაბრუნდება.

,,ყველანი კარგად არიან. მხოლოდ მსუბუქად დაშავდნენ. ტრაილერი დაეჯახა მანქანას და შემდეგ ჩვენი ავტობუსისკენ წამოვიდა. გამოცდილი მძღოლი გვყავდა და გადაგვარჩინა. დაზარალებული მხოლოდ მძღოლია, რომელსაც ხელი აქვს მომტვრეული და დღეს გადმოიყვანენ საქართველოში. სხვა ტურის მონაწილეები და ბავშვები კარგად არიან და უკვე ექსკურსიას ვუტარებთ ბაქოში. ძალიან პოზიტიურად და მხიარულად გრძლდება მოგზაურობა" - აცხადებს გიორგი ბოკუჩავა, ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, გუშინ, დილით, საქართველოდან აზერბაიჯანში მიმავალი ტურისტული ავტობუსი ავარიაში მოყვა. ავტობუსში სულ 54 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 20 აბიტურიენტი და 10 მშობელი. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მგზავრები მსუბუქად დაშავდნენ.

გორის მე-3 სკოლის დირექტორმა ვახტანგ სუხიტაშვილმა გუშინ გვითხრა, რომ დაშავებული მოსწავლეები საავადმყოფოდან იმავე დღეს გაწერეს. მათ საქართველოსკენ აზერბაიჯანული მხარე გამოაცილებდა. მიუხედავად ამისა, მოსწავლეებს უკან დაბრუნება არ დაჭირდათ და გააგრძელეს ექსკურსია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები