ახალი ამბები
ხაშურის სკოლაში პუდელი დაიკარგა - მანდატურმა ეჭვი სამოქალაქო აქტივისტზე მიიტანა
ხაშურში სამოქალაქო აქტივისტი ზაზა მეხრიშვილი იმ მანდატურის დასჯას ითხოვს, რომელმაც პუდელის ქურდობის ფაქტი მას დააბრალა.

ამის შესახებ ზაზა მეხრიშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, მანდატურმა, რომელმაც სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების წინაშე, ცილი დასწამა, სამსახური უნდა დატოვოს.

,,ძაღლი დაკარგულა სკოლაში და მანდატურმა დამირეკა, თან 3-ჯერ. რომ მივედი, მითხრა, რომ ძაღლია დაკარგული, კამერებში შენ ჩანხარ და შენი მოპარულიაო. ფაქტობრივად, მთელმა სკოლამ, ბავშვებმა, მოსწავლეებმა გაიგეს, რომ თურმე ძაღლი მომიპარავს. მე კატეგორიულად ვაცხადებდი, რომ პროვოკაციას მიწყობდა და კიდევ კარგი თავი ხელში ავიყვანე. აუცილებლად უნდა აგოს პასუხი მანდატურმა, ასეთი შეურაცხყოფისთვის.'' - გვითხრა ზაზა მეხრიშვილმა.

მას ერთ-ერთმა მანდატურმა ძაღლის ფოტოები გაუგზავნა და დაამშვიდა, რომ ძაღლი ნაპოვნია და არ ენერვიულა. მიუხედავად ამისა, ზაზა მეხრიშვილი თვლის, რომ ასეთი უპასუხისმგებლო და ცილისმწამებლური დამოკიდებულებისთვის მანდატურის თანამშრომელმა პასუხი უნდა აგოს:

ხაშურის რესურსცენტრში აცხადებენ, რომ ზაზა მეხრიშვილმა, მანდატურის ქმედების გამო, რეაგირება მათაც მოსთხოვა:

,,სკოლამ აცნობა, რომ მანდატურის სამსახური მათ დაქვემდებარებაში არაა. როგორც გვითხრეს, ძაღლი ნაპოვნია, ხოლო სკოლამ დამიდასტუროს, რომ ძაღლი არ მომიპარავსო.'' - გვითხრეს ხაშურის რესურსცენტრში.

ზაზა მეხრიშვილმა საჩივრით პოლიციასაც მიმართა: ,,პოლიციაში დავწერე საჩივარი და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან. რა ჩანაფიქრიც ჰქონდათ, ამას ვერ მიაღწიეს. ეს იყო პროვოკაცია.'' - აცხადებს ზაზა მეხრიშვილი.

 

Print